პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ხელისუფლების მთელი ძალისხმევა ორიენტირებულია განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, დღეს საზოგადოებამ მოისმინა საინტერესო, შედეგებით გაჯერებული, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობის საქმიანობის ანგარიში.
„აღარავისთვის წარმოადგენს სიახლეს, რომ განათლება და მეცნიერება „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ მთავარ პრიორიტეტულ სფეროდ არის აღიარებული. ამის დამადასტურებელია ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი და ის სექტორული რეფორმები, რომელიც თვალსაჩინო და ხელშესახებია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, სექტორული ანალიზის კუთხით ძირითადი მიღწევები ასეთია: 2013 წლიდან საჯარო საბავშვო ბაღები გახდა უფასო, რის საფუძველზე 2.5-ჯერ გაიზარდა აღმზრდელთა რაოდენობა ბაღებში; 2017 წლიდან საბავშვო ბაღებში კვება გახდა ოთხჯერადი; დაიწყო და მიმდინარეობს 323 კერძო და 1704 საჯარო საბავშვო ბაღის ავტორიზაციის პროცესი, რომლებიც 164 ათას აღსაზრდელს ემსახურება; 2013-2022 წლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდა 18 საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით - 810 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია; ამ ეტაპზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარეობს 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა.
„2023 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 20%-ით და შეადგინა 1.568.5 მილიონი ლარი; გაიზარდა მასწავლებელთა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის მოცულობა 125 ლარით, რის საფუძველზეც უფროსი მასწავლებლისთვის ანაზღაურება განისაზღვრა 795 ლარით, წამყვანი მასწავლებლისთვის - 1175 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მასწავლებლისთვის - 1475 ლარით.
2013-2022 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, განხორციელდა 58 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, სრულად რეაბილიტირდა 147 საჯარო სკოლის შენობა. ამჟამად, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერით, მიმდინარეობს 9 საჯარო სკოლის მშენებლობა, 12-ის სრული და 50-მდე საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება 800 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 მილიარდი ლარი. ამ პროექტის ფარგლებში 2023-2026 წლებში დაგეგმილია 73 საჯარო სკოლის მშენებლობა.
„2023-2026 წლებში სამინისტროს მიერ დაგეგმილია კიდევ 600-მდე საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები; ამჟამად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფარგლებში მიმდინარეობს 1 საჯარო სკოლის მშენებლობა და 7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ახლო მომავალში იგეგმება 16 საჯარო სკოლის მშენებლობა და 64 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან პროფესიული განათლების მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს წინა წელთან შედარებით პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება 27%-ზე მეტით გაიზარდა და 122.42 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება 2023 წელს წინა წელთან შედარებით 5 მილიონი ლარით გაიზარდა და შეადგინა 147.5 მილიონი ლარი.
„2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, დაფინანსდა 2500-ზე მეტი სტუდენტი, დაფინანსების საერთო თანხამ 5.4 მილიონი ლარი შეადგინა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
რაც შეეხება მეცნიერებას, გივი მიქანაძის ინფორმაციით, წელს მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება წინა წელთან შედარებით გაიზარდა 17.5%-ით და შეადგინა 75.8 მილიონი ლარი.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.