საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მარკუს კოპლინი იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მარკუს კოპლინმა შეხვედრა გამართა სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ონოფრიშვილთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
მათივე ცნობით, შეხვედრის შემდეგ, სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოსა და ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მარკუს კოპლინი ასევე გაეცნო თბილისის, წყალტუბოს და ბორჯომის ბალნეოლოგიური კურორტების მდგომარეობას.
წყალტუბოში სტუმრობისას კოპლინმა დაათვალიერა თერმული წყლების აბანოები და კურორტზე დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გამართა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერ გენადი ბალანჩივაძესთან.
„კურორტების განვითარების სააგენტოსა და ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ჩვენს ქვეყნებს შორის ბალნეოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობის დასაწყისი და წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში ბალნეოლოგიის დარგის განვითარებისათვის. საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია ამერიკის ბალნეოლოგიური კურორტების გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში დანერგვა და ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება. მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი ქმედითი ღონისძიება დაიგეგმება, მოგეხსენებათ“, - განაცხადა სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
„საქართველოში ბალნეოლოგიას დიდი პოტენციალი გააჩნია. მას აქვს უნიკალური ისტორია და საუკუნეებს ითვლის. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, გვექნება შესაძლებლობა ვიპოვოთ ახალი გზები ბალნეოლოგიური მკურნალობის სამეცნიერო საფუძვლების კუთხით და ვიმსჯელოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. საქართველო გაგვიზიარებს თავის ისტორიას მისი მდიდარი ბალნეოლოგიური ტრადიციის შესახებ, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოხდება ბალნეოლოგიური კურორტების განვითარების განვლილი გზისა და გამოცდილების გაზიარება. მსურს, ჩვენი თანამშრომლობის ნაყოფი იყოს მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების ერთობლივად განხორციელება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიბეჭდება, რათა რაც შეიძლება მეტმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა და მეცნიერმა გაიცნოს საქართველოში არსებული მინერალური წყლების თერაპიული თვისებები. საქართველოს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს გლობალურ ბალნეოლოგიურ ბაზარზე ბალნეოლოგიისა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში”, - აღნიშნა მარკუს კოპლინმა.
„იმერეთის მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული-ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრობა. ასევე, ბალნეოლოგიური ტურიზმის განვითარების მიზნით, ჩვენ მზად ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ბალნეოლოგიურ ასოციაციასთან ვითანამშრომლოთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების დაჩქარება, ახალი ბაზრების ათვისება და საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე მკურნალობასა და გაჯანსაღების საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება“, - განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.