კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, დღეიდან ძალაში შევიდა.
ახალი კანონმდებლობით, კლასიკური ავტომობილები (40+ ასაკის) ცალკე კატეგორიად განისაზღვრა; გარდა ამისა, კანონი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, კლასიკური ავტომობილის განბაჟებისას აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, ახალი კანონმდებლობით, დარეგულირდა კლასიკური ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული, ზღვრული გამონაბოლქვის საკითხი.
კანონის მიღების ინიციატორები პარლამენტის ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და გია ვოლსკი, ასევე პარლამენტის წევრები - ბექა დავითულიანი და დავით კაჭარავა იყვნენ.