ადიდებენ სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, პარლამენტის წევრებს, თუ ოფიციალურ პირებს და საკუთარი ქართული არაფრად მიაჩნიათ. საქართველოს მოქალაქე ერთ წამში გაწირეს. თუნდაც გაიაშვილზე რომ ვსაუბრობ, ერთ წამში გაწირეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, Georgian Airways-ზე სანქციების დაწესების შესახებ ოპოზიციის რეაქცია შეაფასა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული.
„სამწუხაროა, ამაზე ახლა საუბარი, ალბათ, არ ღირს. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და სანქციებს, მგონი, ეს საკითხი ერთწლიანი დეზინფორმაციის შემდეგ, მათ შორის სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა ეს საკითხი დახურა ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, რომლებმაც მადლობები უხადეს საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო ის, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებს ან ეჭვს წარმოშობს, რომ ხდება [სანქციების] გვერდის ავლა. პირიქით, იქით ეხმარება, რომ ევროკავშირიდან, თუ სხვა ქვეყნიდან გამოპარული ტვირთები საქართველოს საზღვარზე ჩერდება. ასეთი 1 300 ტრანზაქცია იყო, რომელიც გაჩერდა ჩვენ საზღვრებზე. კითხვა არავის უჩნდება საერთოდ, როგორც აღმოჩნდა ჩვენ საზღვრებთან ტვირთები, თუ კომპანიები, რომელიც სანქციების ქვეშ არის. ამიტომ, საქართველო არამხოლოდ იცავს იმ სიტყვას, რომელიც ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. იქით ეხმარება, რომ მათ დაცვის მექანიზმებს გამოპარული და ტვირთებიც კი გააჩეროს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ერთი მოქალაქის წინააღმდეგ არის მიღებული, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ძალიან ცუდი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. მეორე მხრივ, ის შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სანქციების ევროპელი და ამერიკელი კოორდინატორების მხრიდან აჩვენებს იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძველი არ აქვს. აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე გარემოება - ამ გადაწყვეტილებებს, სანქციებს შეჩვეული ვართ. ამაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებები აქვს მიღებული უკრაინის ხელისუფლებას. დღემდე შეფარებული ჰყავს სისხლის სამართლის დამნაშავეები, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მეორე არის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ორი დამნაშავე თავს აფარებს უკრაინას. მიხეილ სააკაშვილის სახით მესამე დამნაშავეც აფარებდა თავს, ის შემოიპარა და ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, უფრო სწორად, კლინიკაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთ სანქციებზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და დღემდე ამ გადაწყვეტილებებს მიჰყვებიან. იმის ნაცვლად, რომ გადმოგვცენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ქართველი ხალხის წამების სისტემა - ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, დაწინაურებული ჰყავთ უმაღლეს თანამდებობაზე. ამიტომ, აქ საუბარი იმაზე, რომ თითქოს ქართველი ხალხის მიმართ რაღაც თბილი გრძნობებია და ამის კარნახით ხდება გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ზედმეტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა
მან ასევე კომპანიის დასანქციერების შესახებ ოპოზიციის რეაქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ “ავი სიხარული აქვთ“.
„მე ვნახე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია, როგორი ავი სიხარული აქვთ. საკუთარ მოქალაქეს უცხო ქვეყანა ასანქცირებს და ეს ყველაფერი უხარიათ, ეს ხალხი პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები არიან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკუთარ ხალხს საერთოდ მოწყვეტილი არიან, ადიდებენ სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, პარლამენტის წევრებს, თუ ოფიციალურ პირებს და საკუთარი ქართული არაფრად მიაჩნიათ, საქართველოს მოქალაქე ერთ წამში გაწირეს, თუნდაც გაიაშვილზე რომ ვსაუბრობ, ერთ წამში გაწირეს, ხაზი გადაუსვეს იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც შეიძლება მათთვის უფრო პრეზიდენტია, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი, უფრო მეტი ავტორიტეტი. ვუსმენდი ოპოზიციის წარმომადგენლებს და საერთოდ ხაზი გადაუსვეს. მერე, ამ ხალხს უნდა, რომ ქართველი ხალხის ნდობა მოიპოვოს, უკვირთ, რომ ყოველ ჯერზე გაწბილებულები არიან და ყოველთვის 1%-ზე ტრიალებენ. ის პოლიტიკოსი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესზე მაღლა აყენებს უცხო ქვეყნის ინტერესს, ვერ იქნება ქართული პოლიტიკის და ქართველი ხალხის წარმომადგენელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"