გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია სკოლის მოსწავლეებისთვის „ჯარის ბანაკს“ მასპინძლობს

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია მთელი ზაფხულის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს „ჯარის ბანაკს“ მასპინძლობს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საპილოტე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები იმ სკოლების მოსწავლეები არიან, რომლებშიც წელს საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება“ და „სამხედრო საქმე" ისწავლებოდა.

დღეს „ჯარის ბანაკი“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშის აღმართვით ოფიციალურად გაიხსნა.

საზაფხულო ბანაკში მონაწილე ბავშვებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მიესალმნენ და ახალგაზრდა თაობისთვის მსგავსი სახის პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

„წელს „ჯარის ბანაკი“ რვა ერთკვირიან როტაციას მასპინძლობს. სამხედრო ლიდერი-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბავშვები ბანაკში საქართველოს ეროვნული გმირების „ზაზა დამენიას“, „გიორგი ანწუხელიძის“ და „ალექსანდრე ონიანის“ სახელობის ოცეულებად იყოფიან, რომლებსაც შესაბამისი ოცეულის სახელწოდების დროშები, განმასხვავებელი ფერის ჩაცმულობა და მხედრული სიმღერები აქვთ. თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებისთვის დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის საკმაოდ აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, მხიარული და სიახლეებით დატვირთული პროგრამა შეიმუშავეს. ბავშვები ჩაერთვებიან საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციაში, გაივლიან პირველადი სამედიცინო დახმარების და დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ და სახალისო დავალებებს, თვითგადარჩენის კურსს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო მომზადებასა და სამთო მომზადებაში, მათ შორის ავსტრალიურ დაშვებასა და პარალელური ტროსებით წინაღობის გადალახვაში. თითოეული როტაციის დასასრულს „ჯარის ბანაკს“ მე-4 ქვეითი ბრიგადა ვაზიანში უმასპინძლებს, სადაც ბავშვები სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას დაათვალიერებენ და სიმულაციურ ცენტრში სროლებშიც მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო