ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება ანტირეკორდს ამყარებს არჩევნების 2 წლით ადრე გაყალბებაზე მუშაობის დაწყებით - მოვუწოდებთ, რეკორდები დაამყაროს ხალხის ნების აღსრულებაში და არა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეკორდები დაამყაროს საკუთარი ხალხის ნების აღსრულებაში და არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის’ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნება" ატარებს ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიულ დაქვემდებარებას.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის 2 წლით ადრე ემზადება.

"ოცნებამ" გადაწყვიტა გააგრძელოს მორიგი ანტი-რეკორდების მოხსნა ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირის გამოსათხრელად. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ორი ასეთი მიზნის მქონე ანტირეკორდი უკვე სახეზე გვაქვს:

პირველი, ეს არის ამ ქვეყნის საპარლამენტო ისტორიაში, ვეტო-დადებული კანონის პროექტების რაოდენობა და მათი დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, რაც პირდაპირ მიუთითებს, ერთპარტიული მმართველობის შედეგად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, "ოცნებას" განზრახული აქვს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, "ოცნება" უკვე მერამდენედ არღვევს ცალკეულ საკითხებზე მიღწეულ მყიფე პოლიტიკურ კონსესუსს, რომელიც გამოიხატა 19 აპრილის შეთანხმებაში და ამით დამატებით აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ცვლილებები გულისხმობს ცესკოს პირდაპირ, "ქართული ოცნების" ქვეშ ფორმალურ დაქვემდებარებას და ცესკოს ხელმძღვანელის დანიშვნას არა მოქმედი კანონით 100 ხმით, არამედ უმრავლესობის 76 ხმით, ასევე, კანდიდატების წარდგენის პროცესიდან პრეზიდენტის ჩახსნას და მის ნაცვლად კანდიდატების წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარის მიერ.

მეორე ანტირეკორდი არის ის, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ ვაკვირდებით "ოცნების" მხრიდან ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის ჩემს მიერ ზემოაღნიშნულს, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების გაყალბებას. ამაში შედის, ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარტიულ დაქვემდებარება, დაწყებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, გაგრძელებული საქართველოს სასამართლოებით, ეროვნული ბანკითა და ცენტრალური საარჩევნო კომისიით.

ანტი რეკორდი მყარდება, არჩევნებამდე 1.6 წლით ადრე, არჩევნების გაყალბებაზე მუშაობის დაწყებით ხელისუფლების მხრიდანაც.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას - რეკორდები დაამყაროს საკუთარი ხალხის ნების აღსრულებაში და არა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხალხის დაკვეთის შესრულებაში და ქვეყნისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში.

არცერთი ძლიერი და სათანადო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება არ ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, მითუმეტეს 2 წლით ადრე.

ჩვენ საზოგადოებას კი მოვუწოდებთ, ერთადერთი გზა, რომ ამ ლეგიტიმაცია შემცირებულმა ხელისუფლებამ დათმოს ძალაუფლება, არის უპრეცედენტო მობილიზება არჩევნებზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ერთად დავასრულოთ ნაც-"ქოცური" კარუსელი იმით, რომ ამ ორმა ძალამ ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად ვერ შეძლოს ქვეყნის ინტერესების დაზიანება. ამიტომ გავერთიანდეთ მთავარი მიზნის ირგვლივ, ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გადალახოს ერთად 50% შემდეგ არჩევნებზე", - განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო