ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს მირი რეგევს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრს, მირი რეგევს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ისრაელის სახელმწიფოს ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა არსებული და ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული მიზნით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს.

„მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე საქართველოსა და ისრაელის საზღვაო სასწავლებლებს შორის.

ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა. ითქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პირველი რაუნდის გამართვა 2024 წელსაა დაგეგმილი.

შეხვედრის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის