შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დასაქმების ვებ-საიტზეა აღნიშნული, ვაკანტურ ადგილებზე არ მიიღებიან:
განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები; სისხლის სამართლებრივ დევნაში მყოფი პირები;
სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარებულები;
ადამიანები, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
პირები, რომელთა ჯანმრთელობაც ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებულები;
ნეპოტისტური კავშირების მქონე პირები;
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტები, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;
სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირები;
პირები, რომლებმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალეს ინფორმაცია და არასწორი მონაცემები წარადგინეს.
„კანდიდატს აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად დაუკავშირდებიან. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს. კონკურსის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს დამატებით აცნობებენ”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.