იმ მთავრობის პირობებში გიორგი ვაშაძე აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს საქართველოსთვის მინისტრის მოადგილის პოზიციიდან. უფრო მაღალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე და რეჟიმის სხვა წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ კალანდარიშვილს, როგორ შეიძლება ეს იყოს არგუმენტი პრეზიდენტისთვის, ეს არის საბაბი, რითაც ცდილობს, ხელოვნური კრიზისი შექმნას“.
მანჯგალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები შეკითხვებს გაურბიან.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე წინა ხელისუფლების პირობებში იყო არაერთი რეფორმის ავტორი, რომლის წარმატებასაც აშშ და მთელი დასავლური სამყარო აღნიშნავდა.
“სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძე საბოლოოდ ჩამოყალიბდა რუს პროპაგანდისტად. მაშინ, როცა ჩვენ შეკითხვებს გაურბიან პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის ლიდერები, პასუხების ნაცვლად საუბრობენ, რომ თურმე მთავარი პრობლემა ყოფილა ის, რომ გიორგი ვაშაძე მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, რა დროსაც ის კურირებდა იუსტიციის სახლის რეფორმას ბევრ კარგ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად, რომელზეც საუბრობდა როგორც ამერიკის იმ დროინდელი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ასევე, ამ რეფორმაზე საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, როგორც სამაგალითოსა და წარმატებულზე.
დიახ, იმ მთავრობის პირობებში გიორგი ვაშაძე აკეთებდა ძალიან კარგ საქმეს საქართველოსთვის მინისტრის მოადგილის პოზიციიდან. უფრო მაღალი პოზიციიდან კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.
მივმართავ კობახიძეს, არ გრცხვენია? ამის გამო არ გვიღებენ ევროპაში? ამის გამო შიმშილობენ ბავშვები? ამის გამო არ არის სამუშაო ადგილები? ამის გამო გარბიან ქვეყნიდან ? ამის გამოა შემცირებული შობადობა? ამის გამო ძარცვავთ ისედაც ღარიბ ქვეყანას?
ამ კითხვებს უნდა უპასუხოთ, თორემ ხალხმა ისედაც კარგად იცის, ვის რა გაუკეთებია და ვინ რისი გამკეთებელია.
"ქოცობა" სირცხვილია! "ქოცობა" დანაშაულია!”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.