თსუ-ის  საკალათბურთო კლუბი ევროტურნირზე იასპარეზებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თსუ-ს საკალათბურთო გუნდი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსებას ევროტურნირზე დაიცავს. ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ბოლო ხუთი წელია ქართულ საკალათბურთო გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა არ მიუღია“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოდან ევროტურნირზე 2017-2018 წლების სეზონში თბილისის "დინამომ" ითამაშა, რომელმაც სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.

უნივერსიტეტის ცნობით, 5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე FIBA-ს მთავარ ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება, სადაც გაირკვევა თსუ-ს მეტოქეები. ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 29 ადგილი უკვე დაკავებულია. დარჩენილი 3 საგზურისთვის 24 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს. ჩემპიონატი 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 5 ივლისის წილისყრაზე თსუ-ს მეტოქეებთან ერთად გაირკვევა გათამაშების ის ფორმატი, რომლითაც საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება.

„ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას, ერთი საფეხურით დაბლა მდგომ FIBA ევროპის თასზე გადაინაცვლებენ, სადაც რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება და 4-გუნდიანი ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა.

თსუ-ში დაწყებულია მოთამაშეთა სელექცია და მოკლე ხანში გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული იქნება. ქართველ კალათბურთელებთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გაძლიერდება ლეგიონერებით, რომლებიც თსუ-ს მთელი სეზონის განმავლობაში, როგორც ევროსარბიელზე, ისე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს