ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე - 2024 წლისთვის მივიღებთ პარტიულ ცესკოს - ვეტოს დაძლევით ხელისუფლებამ მისი ერთპარტიული ოკუპაციისთვის სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა

2024 წლისთვის მივიღებთ პარტიულ ცესკოს. ვეტოს დაძლევით ხელისუფლებამ ცესკოს ერთპარტიული ოკუპაციისთვის სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეაფასა.

მისივე თქმით, ვეტოს დაძლევით, ხელისუფლებამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის პირველ და მეორე პუნქტებს ხაზი გადაუსვა.

„ვეტო ბოლო პროცედურული ნაბიჯი იყო, რომ საქართველოს უკან არ გადაედგა ნაბიჯი ინსტიტუციური დემოკრატიის დასამარების გზაზე. ვეტოს დაძლევით ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის პირველ და მეორე პუნქტებს, რაც საარჩევნო რეფორმის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებას და შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთების დაცვას გულისხმობს. ვეტოს დაძლევით, ხელისუფლებამ სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა ცესკოს ერთპარტიული ოკუპაციისათვის, ამიტომაც 2024 წელს, პრაქტიკულად, პარტიულ ცესკოს მივიღებთ.

საარჩევნო კანონმდებლობა საერთო თამაშის წესებს ადგენს, რომელიც ყველა ჩართულ მხარეს ეხება. ისტორიულადაც, საარჩევნო რეფორმის განხილვა ყველა ხელისუფლების დროს წარმომადგენლობით ფორმატში წარიმართებოდა ხოლმე. ამიტომაც არის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მუდმივი საკვანძო რეკომენდაცია, რომ საარჩევნო რეფორმა ფართო კონსენსუსის პირობებში, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან ინტენსიური საჯარო კონსულტაციების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. „ქართულ ოცნებას" კი განზრახული აქვს, რომ თამაშის წესები ერთ-ერთმა მოთამაშემ ცალმხრივად და ყველას აზრის საწინააღმდეგოდ დააწესოს, თავადვე იყოს არბიტრი. დღეს ხელისუფლება ერთპარტიულად იღებს საარჩევნო რეფორმას, ერთპარტიულად ძლევს ვეტოს და ერთპარტიულადვე დააკომპლექტებს საარჩევნო ადმინისტრაციას.

ჯერ კიდევ გასულ წელს წარუდგინა პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და 1 წევრის ვაკანსიაზე კანდიდატურები, რომელთა კენჭისყრა 14 დღის ვადაში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა აგერ უკვე თვეებია პარლამენტი თვითნებურად არღვევს საკანონმდებლო ვადებს და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპს.

წინასწარმეტყველების ნიჭი არ სჭირდება იმას, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება: პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის 1 ვაკანსიაზე კანდიდატებს უახლოეს პერიოდში გამოიტანენ კენჭისყრაზე, ჩააგდებენ მათ და სასწრაფო წესით, უკვე 5 წლით აირჩევენ ვადაგასულ მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს. ყველანაირი ახალი კონკურსი იქნება ფარსი და ფორმალობა, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცხადებული აქვთ, ვინც იქნება მათი რჩეული: ცვლილებების მიღება ხომ იმ არგუმენტით ახსნეს, რომ კონკრეტული პირების აურჩევლობამ ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. ამიტომ, ამ პირების არჩევის გზაზე კანონის ცვლილებაც კი მხოლოდ რიგითი საშუალებაა. ბუნებრივია, მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნების სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა. ცესკოს პირადი შემადგენლობა, უმეტესწილად, იგივე დარჩება, ოღონდ ამის ფასი 12 პუნქტიანი გეგმის დარღვევა და ინსტიტუციური დემოკრატიის დასამარება იქნება, რაც არჩევნების მიმართ ნდობაზე უარყოფითად აისახება და უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს საარჩევნო ადმინისტრაციას. თუმცა, წინა ხელისუფლების დროსაც გვახსოვს მიკერძოებული და ერთპარტიულად ოკუპირებული საარჩევნო ადმინისტრაცია. ამიტომაც, მოვუწოდებ ყველას, ისწავლონ წარსულის გაკვეთილებიდან!“,-აცხადებს გიორგი სიორიძე.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი).

“სარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის, ნაცვლად პრეზიდენტისა. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები 5 წლის ვადით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო