„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ - აფხაზეთში მდებარე უნიკალური ტაძრებისა და ციხეების მდგომარეობა საგანგაშოა - მისასალმებელია, რომ აღნიშნული საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები

აფხაზეთში მდებარე უნიკალური ტაძრებისა და ციხეების მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას, რათა მათი კონსერვაცია და გადარჩენა მოხდეს - მისასალმებელია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ამ აქტივობის და ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შემდეგ, აღნიშნული საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, - ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში რუსულ ოკუპაციაზე ჩანაწერის დამატებას გამოეხმაურა.

მათივე განცხადებით, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ეუთოს რეზოლუციაში შესულ ცვლილებას და საერთაშორისო მასშტაბით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ გაზრდილ ინტერესს მიესალმება.

„შეგახსენებთ, რომ „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ 2023 წლის აპრილში, აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ პირველად, აფხაზეთში მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის საფუძვლიანი კვლევა დაიწყო. შედეგად ცხადი გახდა, რომ აფხაზეთში მდებარე უნიკალური ტაძრებისა და ციხეების მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას, რათა ჰუმანიტარული პროცესი დაიწყოს და მათი კონსერვაცია და გადარჩენა მოხდეს.

რამდენიმე ძეგლზე, გაურკვეველი მიზნით, ამჟამადაც ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა მიმდინარეობაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ძეგლების ავთენტური იერსახის დამახინჯებას და ქართული კვალის მიზანმიმართულ წაშლას ემსახურება.

მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ამ აქტივობის და ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის ადგილზე შესწავლის შემდეგ, აღნიშნული საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიესალმება ეუთოს რეზოლუციაში შესულ ცვლილებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ გაზრდილ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით. იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოხსენებული ინიციატივა არა მარტო ეუთოს, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების საწინდარი გახდება უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას შემდეგი პუნქტი დაემატა: „ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც განპირობებულია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციით, ქართული კვალის წაშლით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათი სახეცვლილებით ორივე ოკუპირებულ რეგიონში, რაც თავის მხრივ, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის უშუალო შედეგს წარმოადგენს“.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს