ირაკლი კობახიძე - მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია

მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია - პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით დეკემბერში უნდა მიიღოს, პოლიტიკურია. კითხვაზე, გლობალურად რა სიგნალი იქნება, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს „ცუდი სიგნალი იქნება“.

„შარშან ივნისშიც ეს ცუდი სიგნალი იყო. წელსაც, ასეთი გადაწყვეტილება თეორიულად რომ დავუშვათ, ცუდი სიგნალი იქნება. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში პოზიტიური სიგნალი იქნება გაგზავნილი ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის - როგორც მოყვრისთვის, ისე არა მოყვრისთვის. რაც შეეხება იმას, პოლიტიკური იქნება თუ არა გადაწყვეტილება, რომელსაც დეკემბერში მიიღებენ, რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით პოლიტიკურია. ბუნებრივია, თავიდან ევროკომისიის დეტალური ანგარიში იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 12-ვე პუნქტის სრულ შესრულებას არც კი მოითხოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭება. უკრაინას და მოლდოვას უკვე მიენიჭათ შარშან, მათაც ასეთივე პუნქტები დაუდგინეს და თქვეს, რომ დაახლოებით 75% იყო პუნქტების შეუსრულებლობა, მაგრამ მათ უკვე მინიჭებული აქვთ. ასეთი მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, არავის დაუყენებია, ამის მიუხედავად, მაქსიმალურად დეტალურად გავყევით 12-ვე პუნქტს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალური საფუძველი შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. რისკი შემდეგია - 27 ქვეყანაა და 27-ვემ სრული კონსენსუსით უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. საკმარისია ერთი ქვეყანა დადგეს განზე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭება. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. იმედი დავიტოვოთ, რომ შარშანდელი ივნისისგან განსხვავებით, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, როგორ აუხსნის ხელისუფლება საზოგადოებას იმას, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიღებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ამის ახსნა რთული იქნება“.

„თეორიულად ამის შესაძლებლობას თუ დავუშვებთ, საზოგადოებისთვის ახსნა რთული იქნება. საზოგადოება იმედგაცრუებული იყო შარშან ივნისშიც და ბუნებრივია, დეკემბერშიც რომ იგივე მოხდეს, ეს საზოგადოების იმედგაცრუებას გამოიწვევს. დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც ამ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პოლიტიკური რისკები არსებობს. დღეს ამ რისკებზე საუბარს ვერიდებით. სამომავლოდ, ღმერთმა არ ქნას, თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დაგვჭირდება ყველა თემაზე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. იმედს გამოვთქვამ, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება და საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა შეუთავსებელი შესრულებული რეკომენდაციების რაოდენობის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია ოლივერ ვარჰეის განცხადებასთან, რომ საქართველოს მხოლოდ 3 პუნქტი შეასრულა, კობახიძე განმარტავს, რომ აქამდე რის გაკეთებაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა.

„უპირველესად რაც შეეხება იმას, თუ რამდენადაა ერთმანეთთან თავსებადი ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები - არ მგონია, რომ შეუთავსებლობაა და ავხსნი რატომ: რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ციფრები, რომლის თანახმადაც, 3 სრულად შესრულდა და დანარჩენი არასრულად, მაგრამ რაში ვხედავთ თანხვედრას - დღემდე რაც შეგეძლო გაგვეკეთებინა, ყველაფერი გაკეთდა. რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო პრაქტიკული კუთხით, ეს იყო არსებითად კანონმდებლობის შემუშავება - ყველაფერი გაკეთდა. თუ დააკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობა კარგია, მაგრამ პრაქტიკაში აღსრულებაა საჭირო. საბოლოოდ გამოდის რა - შეფასებაზე ვთანხმდებით. ანუ, კანონმდებლობა მოწონებულია და აქედან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლება გაკეთებულიყო, ის გაკეთდა - კანონმდებლობა შემუშავდა. იგივე ეხება რეგლამენტის რეფორმას - რეგლამენტი დაიხვეწა, მაგრამ რატომ გვეუბნებიან, რომ არ არის სრულად შესრულებული - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უნდა დაინერგოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს და 12 პუნქტიდან ერთ-ერთს, დეპოლარიზაციის მიღწევას, კობახიძემ აღნიშნა: „დეპოლარიზაცია იგივეა, რომ ორ საფეხბურთო გუნდს მოსთხოვო დეპოლარიზაცია, როცა ორივეს აქვს ერთი მიზანი - გაიტანოს მეორე გუნდის კარში - კონკურენციაში არ არის პრობლემა, მაგრამ თუ გადადიან ერთმანეთის ფეხების დამტვრევაზე, ეს არის პრობლემა“.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება სამართლიანი მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე.

„ჩემი აზრით, თვითონ ტერმინიც კი, დეპოლარიზაცია, პრობლემურია. პოლარიზაცია არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჭარბი არაფერი ვარგა, მაგრამ პოლარიზაცია ეს არის დემოკრატიის აუცილებელი პირობა. დეპოლარიზაცია როგორც ასეთი იგივეა, რომ ორ საფეხბურთო გუნდს მოსთხოვო დეპოლარიზაცია, როცა ორივეს აქვს ერთი მიზანი - გაიტანოს მეორე გუნდის კარში. აქ პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმია. აქ არის ჩაკეტილი წრე. პირდაპირ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც თვითონ არის საკუთარი წარსული დანაშაულების მძევალი, აქედან გამომდინარე, არ შეუძლია პოლიტიკურ სისტემაში არარადიკალურად იმოქმედოს. ამიტომ უწევს ათასი აბსურდის საუბარი. საკუთარი დანაშაულების მძევლები არიან და არ შეუძლიათ იმოქმედონ არარადიკალურად. ასეთ დროს მმართველ პარტიას უწევს პასუხი და არის ჩაკეტილი წრე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ვითარების გამოსწორება, ეს არის სამართლიანი მსაჯი, არბიტრი. როდესაც ორ გუნდს შორის არის კონკურენცია ფეხბურთში, აქ არ არის პრობლემა, მაგრამ თუ გადადიან ერთმანეთის ფეხების დამტვრევაზე, ეს არის პრობლემა. თუ ამას გულისხმობენ დეპოლარიზაციაში, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა. არ შეიძლება ფეხებში ურტყა ერთმანეთს. მაგრამ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ვითარების გამოსწორება, ეს არის სამართლიანი მსაჯი.

ხშირად ვესაუბრებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საჭიროა საქართველოში არსებული ვითარების სამართლიანი შეფასება. როდესაც მსაჯი არის უსამართლო, ახალისებს პოლარიზაციას. მაგალითად, იმ სამმა რეზოლუციამ, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ბუნებრივია, საქართველოში პოლარიზაცია წაახალისა. გადამწყვეტი როლი კი ამ ყველაფერში შეუძლია შეასრულოს დამოუკიდებელ არბიტრს, სამართლიან მსაჯობას. ამიტომაა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი. ეს იქნება სამართლიანი მსაჯის გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაზე. ამიტომაც ვთხოვთ საერთაშორისო პარტნიორებს, მაქსიმალურად სამართლიანები და ყურადღებიანები იყვნენ შეფასებებში. თუ არ იქნება სამართლიანი შეფასებები, რა თქმა უნდა, წახალისებული იქნება პოლარიზაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე თვე. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს. ამ სამ სფეროში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ამაზეც, ბუნებრივია, არავითარი დაბრკოლება არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, რომ ამ ყველაფრიდან ჩანს შემდეგი, ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება. რეალურად შინაარს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ მათი მხრიდან არის სრული მზაობა, კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს პარლამენტში. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ქმედებები მომავალში მაინც იქნება უფრო მეტად კონსტრუქციული.

„პირველი, რასაც ითხოვს ევროკომისია, ეს არის დეპოლარიზაციის კუთხით ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ანუ მონიტორინგზეა საუბარი, რაც ხორციელდება და რა თქმა უნდა, ეფექტიანობის კუთხით მნიშვნელოვანია სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობა და იმედია, მომავალში მაინც ჩაერთვებიან ამ მონიტორინგში შესაბამისი სუბიექტები. მეორე არის უხეში რიტორიკის დასრულება - ესეც რთული საკითხია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს ვითარება ჩვენს ქვეყანაში. მესამე, ეს არის წარსული პოლიტიკური შეთანხმებების, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი ელემენტების პატივისცემა. ძირითადი ელემენტები რა იყო, ყველას გვახსოვს ამ შეთანხმების, ეს იყო ის, რომ უმრავლესობის მხრიდან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ოპოზიციის სათანადო ჩართულობა საპარლამენტო მუშაობაში და ოპოზიცია თავის მხრივ, სათანადოდ უნდა ჩართულიყო პარლამენტის მუშაობაში. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს პარლამენტში, რაც შეეხება ოპოზიციას, ეს მათი გადასაწყვეტია, იმედია მომავალში მათი ქმედებები იქნება უფრო მეტად კონსტრუქციული.

რაც შეეხება მეორე პრიორიტეტს, საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება - პრაქტიკის გაუმჯობესებაზეა საუბარი, ანუ კანონმდებლობა უკვე შეფასდა დადებითად, ახლა საუბარია უკვე მის აღსრულებაზე და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. ამ შემთხვევაში, ამ პრიორიტეტის შესრულება არსებითად ოპოზიციაზეა დამოკიდებული იმიტომ, რომ მთავარი, ვინც უნდა გამოიყენოს ზედამხედველობის ბერკეტები პარლამენტში, ბუნებრივია არის ოპოზიცია. საარჩევნო დარღვევების სათანადო გამოძიება ოდირის ანგარიშების შესაბამისად - აქ დაგვჭირდება დაზუსტება რა იგულისხმება. თქვენ გახსოვთ, საგამოძიებო კომისია შეიქმნა საგანგებოდ პარლამენტში იმისათვის, რომ გამოძიებულიყო მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები. სავარაუდოდ, იგულისხმება სამომავლო დარღვევები, რაც სამომავლო არჩევნებს შეიძლება უკავშირდებოდეს, ამაზე გვექნება კონსულტაციები ბუნებრივია ევროკომისიასთან.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ძველი პროცედურის დაბრუნება. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ დავძლიეთ ვეტო, რომელიც ამ თემას უკავშირდებოდა. აქაც დაგვჭირდება დამატებითი კონსულტაციები ევროკომისიასთან გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ინსტიტუციური კრიზისი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც იქნება ბუნებრივია ძალიან მძიმე ზოგადად სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად, გვექნება დამატებითი კონსულტაციები ამ საკითხზე ევროკომისიასთან.

შემდეგი თემა ეს არის სასამართლო რეფორმის პაკეტის გაგზავნა ვენეციის კომისიაში. რეალურად უკვე გაიგზავნა ეს პაკეტი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მიერ ვენეციის კომისიაში. ანუ, პრაქტიკულად აქტუალობა დაკარგა ამ რეკომენდაციამ. მეორე მნიშვნელოვანი თემა- შედარებით ფართო სასამართლო რეფორმის, განსაკუთრებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება. აქაც დაგვჭირდება ჩვენ კონკრეტიკა. ჩვენ როცა გვქონდა საკომიტეტო განხილვები და შემდეგ პლენარულ სხდომებზე განხილვები, არაერთხელ ვითხოვეთ ოპოზიციისგან, რომ წარმოედგინათ კონკრეტული წინადადებები ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა, ასეთი წინადადებები ვერ წარმოგვიდგინეს. დაგვჭირდება კონსულტაციები ევროკომისიასთან იმისათვის, რომ მეტი კონკრეტიკა მივიღოთ ამ თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი რჩება ბუნდოვანი, ვიდრე ამ კონკრეტიკას არ მივიღებთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 წევრის არჩევა- ყველანაირად ვეცდებით, მაგრამ ბუნებრივია მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

შემდეგი თემა ეს არის ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა- პრაქტიკაში ახალი კანონმდებლობის სწორად დანერგვაზეა საუბარი. ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების წარმოება კანონპროექტების შესახებ, რაც სამომავლოდ ამ სფეროში იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ და OECD-ს ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა. ამ გასვლას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. აქაც მზად ვართ კონსულტაციებისთვის. თუ გარკვეული პირობები იქნება დაკმაყოფილებული რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავბრუნდებით ამ ქსელში.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის არსებული სახით არმიღებას- აქაც დაგვჭირდება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაგვიკონკრეტონ, თუ რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში. თუ არ იგულისხმება პერსონალიზებული მიდგომა, მაშინ დეოლიგარქიზაციაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი. თუ საუბარია მხოლოდ სისტემურ მიდგომაზე, მაშინ უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების ხრიდან. კანონმდებლობის მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად სისტემური მიდგომის მიხედვით, მათ შორის, კონკურენციისა და პარტიების დაფინანსების სფეროში- აქ უკვე არსებითად გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. შესაბამისად, აქაც დაგვჭირდება კონკრეტიკა ევროკომისიისგან და ბუნებრივია გვექნება კონსულტაციები ამ თემაზე.

შემდეგი საკითხია „MONEYVAL“-ის რეკომენდაციების შესრულება. ეს ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდება. ეს არ არის პოლიტიზებული საკითხი. გვექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს „MONEYVAL“-ის რეკომენდაციებს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის გადასინჯვა ევროსაბჭოს დასკვნის შესაბამისად- ეს კანონი უკვე მივიღეთ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ ზეპირი ანგარიში გამოაქვეყნა. ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჟურნალისტებისა და მედიამფლობელების თავისუფლების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება- აქაც პრაქტიკაზეა საუბარი. ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ინკლუზიური ფორმით შემუშავება- რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, სტრატეგია უკვე არის დამტკიცებული და სამოქმედო გეგმაც შემუშავდება და ინკლუზიურობისთვისაც ვართ მზად. სექსუალური უმცირესობის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა და დაცვა- ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა და რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციების წარმოება- ამაზეც მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარე, პირადად არის ჩართული ამ საკითხის დარეგულირებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქაც მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი