გერმანიის ქალაქ პოტსდამში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს დელეგაცია დაესწრო.
თბილისის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი იყვნენ.
საკრებულოს ცნობით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი მოხსენებით წარსდგა.
„ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ გუდრუნ მიოლერ-ტორნსტრომმა გახსნა. განიხილეს პოტსდამის დეკლარაცია: საერთო პასუხისმგებლობა სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე.
სხდომაზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშები განიხილეს. სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა და მისმა შვეიცარიელმა კოლეგამ მატიას გისინმა წარადგინეს.
ლევან ჟორჟოლიანმა სლოვაკეთის მხარეს ნაყოფიერი შეხვედრებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, პოლარიზაცია და ის კრიზისები (უკრაინაში ომი, ენერგო კრიზისი), რომელიც სლოვაკეთშია, მოქალაქეებს შესაბამისი სერვისების მიღებაში ხელს უშლის. ლევან ჟორჟოლიანმა იმ პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლებამ განახორციელა.
„მონიტორინგის ვიზიტი განხორციელდა სლოვაკეთის ქალაქებისა და თემების ასოციაციის თხოვნით, რომელიც მდგომარეობის გაუარესების გამო წუხდა. ძირითადად, მისიის დროს ასოციაციის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება დადასტურდა. რეკომენდაციის პროექტით, ვთავაზობთ გარკვეულ საპასუხო ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების პრობლემები არის ის საკითხები, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში დამსწრეებმა უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
ასევე, მათივე ცნობით, „ადამიანის უფლებების შესახებ ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლების სახელმძღვანელოს“ მე-4 გამოცემის რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს.