სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრთან, სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ნაწილმა, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი ადგილზე შეკრების მთავარი მიზეზი სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციისგან დისკრიმინაცია და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაა.
„შევიკრიბეთ ამ შენობასთან იმიტომ, რომ ეს შენობა დამსჯელობითია. ეკა გოლიაძე, რომელიც ამ შენობის ხელმძღვანელია, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, მაგრამ აქ ადამიანებს კლავს, სჯის, დამსჯელობითად ჭრის, რის შედეგადაც ადმინისტრაცია უკვე ათავისუფლებს სასწრაფოში დასაქმებულებს, ვინც ხმა ამოიღო და სასწრაფოს პრობლემები გამოააშკარავა, მარტო ზეპირსიტყვიერად და შრომის ინსპექციის დამტკიცებით კი არა, სასამართლო პროცესის მოგების შედეგადაც. მოვუწოდებ სასწრაფოს ადმინისტრაციას, თუ მართლები არიან, ტელევიზიაში დებატებში დამიდგნენ და საზოგადოებას ვაჩვენოთ პროფკავშირია მართალი თუ ისინი. დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ხალხი სტრესშია. ეს დამსჯელობითი ღონისძიება განხორციელდა იმ ადამიანებზე, ვინც ხმა ამოიღო. დასაქმებული, ვინც პროფკავშირის წევრი გახდა, ადმინისტრაციისგან დისკრიმინაციას განიცდის“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, ირაკლი ამირანაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟი.