ბექა ლილუაშვილი - ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ ამ დავალებაში მიიღო სამიანი, ისიც მინუსით

ხელისუფლება განაგრძობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის დივერსიას და ალიბის შექმნას პასუხისმგებლობისგან გაქცევისთვის, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე 4 თვით ადრე, შესასრულებელი 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების გეგმის ნაცვლად, მინიმუმ 12 ტყუილი მოისმინეს.

„მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი მანიპულაციების საშუალებით, საზოგადოების ყურადღება კვლავ მიმართოს სტატუსის მიღებაზე, იგი ხელოვნურად აუფასურებს ხალხის მთავარ ამოცანას, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებით მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის დღევანდელი სპექტაკლის მთავარი მიზანი - ფაქტები - გასაღდეს შეფასებებად, ფაქტებზე - გაიხსნას დისკუსია და შემდეგ საზოგადოებამ ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი სტატუსის ვერ მიღებაზე, ან ჩაუთვალოს მას ეს გამარჯვებად - როცა ხელისუფლება უკვე გაწევრიანებების მოლაპარაკებებს უნდა ახორციელებდეს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, კობახიძე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციები შესრულდა.

„ფაქტი და არა შეფასებაა ის, რომ შესრულდა 3 რეკომენდაცია და ხელისუფლებამ მიიღო სამიანი, ისიც მინუსით - ამ დავალებაში. ფაქტია ის, რომ მმართველი პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იტყუება, როცა ამბობს, რომ ინსტიტუტების გაძლიერების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწის, დეოლიგარქიზაციის და ა.შ. რეკომენდაციები შესრულდა მაშინ, როცა დამოუკიდებელი ინსტიტუტები გააუქმეს ან პარტიას დაუქვემდებარეს; იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ განახორციელეს - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეასრულეს; საბჭოში სანქცირებული მოსამართლეები ჰყავთ, რომელთა კორუფციის გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვეს; ანტიკორუფციულ ბიუროს მთავარი - საგამოძიებო ფუნქცია არ მიანიჭეს; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი არ აირჩიეს; დეოლიგარქიზაციის ისეთი კანონის პროექტი შეიმუშავეს, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასების მიხედვით, არ უნდა იქნას მიღებული და სხვ. თითქოს გააძლიერეს საპარლამენტო ზედამხედველობა, თუმცა ვერც კი ბედავს „ქოლ-ცენტრებზე“ ან სასამართლოზე შექმნას საგამოძიებო კომისია. ამ პირობებში კობახიძე რეკომენდაციებს შესრულებულად აცხადებს.

პარტია „საქართველოსთვის“ პირველივე დღიდან მონაწილეობდა სამუშაო ჯგუფებში, სადაც რეკომენდაციების რეალური შესრულებისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები წარვადგინეთ, რომელთაგან „ოცნებამ“ არც ერთი გაითვალისწინა. ეს მოცემულობა კვლავაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი შეასრულოს მთავარი დაკვეთა გააწევრიანოს ქვეყანა ევროკავშირში და როგორც ჩანს, მიზანმიმართულად კარგავს ამ უპრეცედენტო შესაძლებლობას. ამის პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და ჩვენგან და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისგან მიიღებს შესაბამის პასუხს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო