ზურაბ აბაშიძემ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (Council of European Municipalities and Regions) გენერალურ მდივანთან, ფაბრიციო როსისთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული ინიციატივები და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

ზურაბ აბაშიძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით მთელ საქართველოში - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში - სხვადასხვა მასშტაბური ერთობლივი პროექტი ხორციელდება. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების უმთავრეს წინაპირობას ქმნის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორგანიზაციასთან „გაერთიანებული ქალაქები და ადგილობრივი მთავრობები“ (United Cities and Local Governments - UCLG) არსებული პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები დაგეგმეს.

შეხვედრის დასასრულს ფაბრიციო როსიმ ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის განხორციელების საქმეში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს