2023 წლის 20 ივნისს, EBAN-ის, AXEL-ისა და Arrival-ის პარტნიორობით, მეტავერსის ინტერაქციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც არაერთი წარმატებული ევროპელი ბიზნეს ანგელოზი დაესწრო.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, შეხვედრა Web3 სამყაროს გამოცდილებებისა და შეხედულებების გაზიარებას მიეძღვნა, თემატიკით - როგორ ცვლის ინტერნეტის ახალი ფაზა ჩვენს ცხოვრებას, სამუშაო გარემოსა და ინვესტიციების პროცესს.
„Arrival-ის მიერ შექმნილ, Spatial.io-ს სივრცეში, 20 ქვეყნიდან 200-ზე მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა მოიყარა თავი. საღამოს მოდერატორი EBAN-ის გენერალური დირექტორი, იაკოპო ლოსო იყო. ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერების რანგში კი True Global Ventures 4 Plus-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა, დუშან სტოიანოვიჩმა, USREM-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელი დირექტორმა, True Global Ventures 4 Plus-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა, დევიდ როუზმა, FOV Ventures-ის პარტნიორმა, პეტრი რაჯაჰალმემ, Arrival-ის აღმასრულებელი დირექტორმა, ჯეს ფორდმა, AXEL-ის მმართველმა დირექტორმა, ირო ცაგარეიშვილმა ისაუბრეს.
სპიკერების მიმართვას მეტავერსში ინვესტირების ადრეული ეტაპების შესახებ პანელური დისკუსია მოყვა. ღონისძიებაზე, ასევე, Web3 მიმართულების ექსპერტებმა, ვანდანა ტახალიმ და დოქტორ ლუის ფრობერგმა, თავიანთი კომპანიების განვითარების ქეისები განიხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად მასიური აქტივობისა და ტექნოლოგიის ექსპერიმენტული ხასიათის გამო, მცირე დროით, მონაწილეებს კავშირის პრობლემები შეექმნათ, შეხვედრის ვირტუალურ გარემოში გამართვა ინვესტორების ადაპტაციისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო. ვირტუალურ პროცესებთან შეგუების გამოცდილება აუცილებელია, რადგან მეტავერსი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი ტერიტორია, ფიზიკურ სივრცეში შეხვედრების გამართვა კი - ტრადიცია. აღნიშნული პრობლემა Arrival-ის ტექნიკურმა გუნდმა მყისიერად აღმოფხვრა.
Arrival-ის თანადამფუძნებელმა და CSO-მ, ნოდო ივანიძემ აღნიშნა, რომ გამართული ღონისძიება წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ანგელოზ ინვესტორთა ფართო აუდიტორიას Web3-ისა და მეტავერსის სივრცის უკეთ გაცნობისა და სამომავლო პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.