ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 3-დღიან მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება სახელად „ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი“ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით ჩატარდა. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მოხსენებების შემდეგ იმართებოდა დისკუსიები აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე.
მასშტაბური კონფერენცია გაიხსნა ხელოვნური ინტელექტის საქართველოს ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპების წარდგენით. ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავებულია BTU-ს პროფესორებისა და სადოქტორო პროგრამის „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი“ დოქტორანტების მიერ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებასა და კონსულტირებას გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე უწევდა.
პრეზენტაციას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთათვისაც აღნიშნულ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შორის იყვნენ ეკონომიკის, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმძღვანელო პრინციპები სამინისტროებს და სხვა ორგანოებს დაეხმარება ხელოვნური სტრატეგიის შექმნაში. BTU-ს აკადემიური პერსონალი ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას აპირებს.
სახელმძღვანელო პრინციპების წარდგენის შემდეგ გაიმართა პანელი „ხელოვნური ინტელექტი და საქართველო“, რომელსაც დისკუსია მოჰყვა.
სამი დღის განმავლობაში ჩატარებული თითოეული პანელი საქართველოსთვის აქტუალურ სხვა საკითხებს ეხებოდა. მათ შორისაა: EduTech, უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება, LegalTech, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, AgriTech, ციფრული ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მმართველობა. ჩატარებული პანელის შემდეგ იმართებოდა დისკუსია ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით. დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.
საერთო ჯამში კონფერენციაში 11 ქვეყნის 20-მდე მაღალი რანგის მეცნიერი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები: აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, მალაიზიიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, საერთაშორისო კონფერენციას ყოველწლიური სახე მიეცემა. პარალელურად მიმდინარე წლის შემოდგომაზე უკვე დაგეგმილია თემატური კონფერენციები და სამეცნიერო დისკუსიები.
(R)