თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკური საქმეებისა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის დირექტორთან მიროსლავ პაპასთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკური საქმეებისა და საგარეო ურთიერთობების დირექტორატის დირექტორთან, მიროსლავ პაპასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მიროსლავ პაპას ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგების და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით. ამავე კონტექსტში, აღინიშნა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს და ამგვარად, ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაცია და შედეგად, ადგილზე შექმნილი მძიმე უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფართო ევროპული საზოგადოების რეგულარულად ინფორმირების მნიშვნელობას ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების პროცესის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის თაობაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის თაობაზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის, თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაკეთდა, რაც ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ნდობის აღდგენის პროექტების ფარგლებში ეფექტიანად ხორციელდება.

მიროსლავ პაპამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერას და გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების შემუშავებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა