ირაკლი ქარსელაძემ კავკასიაში EBRD-ის  ახალ რეგიონულ დირექტორთან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრინიოს დრაკინოსმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალკის დრაკინოსი, კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, კატარინა ბიორლინ ჰანსენს 1 სექტემბრიდან შეცვლის. შეხვედრას, ასევე, EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე და კავკასიაში EBRD-ის ამჟამინდელი რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მხარეებმა EBRD-ისთან თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა სტუმრებს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების პროგრესისა და ბიუჯეტის შესრულების შედეგების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერია.

EBRD-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც სამინისტროსთან თანამშრომლობის, ისე პროექტების განვითარების შედეგები და გამოხატეს საგზაო, წყლის, ნარჩენების მართვის და კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშემწყობ რეგიონულ პროექტებში უფრო აქტიურად მონაწილეობის მზადყოფნა.

შეხვედრის ბოლოს, ირაკლი ქარსელაძემ კატარინა ბიორლინ ჰანსენს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, და ალკის დრაკინოსს კი, ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება