„ნექსია საქართველოს“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო ჯილდო „Leader of the year” გადაეცა.
ღონისძიება სასტუმრო „გრანდ მეტეხი თბილისში“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა. დაჯილდოვების რიგით 16-ე ცერემონიალს 100-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ბიზნესი ესწრებოდა. აქედან 35 კომპანიას კი მთავარი ჯილდო „Leader of the year” მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ დაჯილდოებაზე წარმოდგენილ კომპანიებს შორის „ნექსია“ ერთადერთი აუდიტორული კომპანიაა.
„წლის ლიდერის ჯილდოს მიღება ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციისგან, როგორიც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციაა, ძალიან სასიხარულოა. ორგანიზაცია ყოველწლიურად იკვლევს ფინანსურ მაჩვენებლებს რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებით და რეიტინგებიც ამ ანალიზის საფუძველზე დგება, რაც ობიექტურობისა და გამჭვირვალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის, როგორც აუდიტორული სფეროს ერთ-ერთი ლიდერისა და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა“ - ნექსია საქართველოს მმართველი პარტნიორი, დავით ლომიძე.
ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს, 2015 წლიდან. 2017 წელს, ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა და ამ პერიოდიდან, ბიზნეს კომპანიებს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო „Leader of the year” გადაეცემათ. ეს გახლავთ ერთადერთი საერათშორისო ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც საქართველოში ტარდება.
კომპანიების რეიტინგები ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ობიექტური რანჟირების საფუძველზე იქმნება და მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს ყველა სფეროსა და ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიას, საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით.
(R)