როგორ უნდა გყავდეს ძლიერი ჯარი, როცა მთავარი პარტნიორების ლანძღვა-გინებით ხარ დაკავებული და რუსეთთან პირდაპირ ფრენებს აღადგენ, ათას სხვა სისულელეს აკეთებ და (რუსებს) საშუალებას აძლევ შენზე უფრო კომფორტულად იგრძნონ შენს ქვეყანაში თავი, მტერს და მოყვარეს რომ ერთმანეთში აურევ, როგორ უნდა შექმნა ძლიერი ჯარი?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილმა „თავდაცვის კოდექსი“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯარი დაფუძნებული იყოს ნებაყოფლობითობაზე და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ღირსეული სამუშაო პირობები. მისი თქმით, იძულებითი ბერკეტებით ძლიერ ჯარს ვერ შექმნი.
ის, ასევე, გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციის შეთანხმების მიუხედავად, რომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეგისტრაცია არ გაევლოთ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ არამარტო თავის სახელით, არამედ სხვა ოპოზიციონერების ნაცვლადაც გაიარა რეგისტრაცია და აღნიშნა, რომ ამისთვის რეგლამენტში შესაბამისი სანქცია არსებობს.
„სხვების ნაცვლად რომ გაიარა რეგისტრაცია, რეგლამენტში არსებობს შესაბამისი სანქცია და პარლამენტის თავმჯდომარემ და შესაბამისმა უწყებამ უნდა უზრუნველყონ, რომ თუ სხვების ნაცვლად მიაჭირა თითი რეგისტრაციის ღილაკს, ამაზე პასუხი აგოს. მე არ მაინტერესებს როსტომ ჩხეიძემ რა ღილაკს მიაჭირა თითი. რაც შეეხება „თავდაცვის კოდექსს“, იმისათვის, რომ ძლიერი ჯარი გვქონდეს, მნიშვნელოვანია, ის იყოს პროფესიული და რეზერვი იყოს ძლიერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა იყოს აწყობილი ნებაყოფლობითობაზე და ჯარში უნდა მიდიოდეს ის ხალხი, რომელიც მოწოდებით ჯარისკაცია. ექიმები ან ჟურნალისტი რომ ხდებით, ხომ არავინ გაძალებთ?! ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ჯარი დაფუძნებული იყოს ნებაყოფლობითობაზე, რომ ამ სისტემაში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ამ საქმის კეთება უნდა. ამისთვის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ღირსეული სამუშაო პირობები, როგორც პროფესიული ჯარისთვის, ისე რეზერვისთვის. „ოცნება“ დღეს არასწორ გზაზე იმიტომ დგას, რომ რაღაც ხვრელებს კეტავენ, რომ ვინმემ თავის არიდება არ შეძლოს, ნაცვლად იმისა, რომ მოტივაციებს ქმნიდნენ, რომ ადამიანები წავიდნენ ჯარში. იძულებითი ბერკეტით შენ ძლიერ ჯარისკაცს ვერ გაზრდი,“ - განაცხადა დაუშვილმა.
ინფორმაციისთვის, კვორუმის არქონის გამო, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც „თავდაცვის კოდექსი“ უნდა განეხილათ, ჩაიშალა. რეგისტრაცია მხოლოდ 65- მა დეპუტატმა გაიარა, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა და სხდომა ვერ გაიხსნა. იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, ოპოზიციის შეთანხმების მიუხედავად, რომ დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაევლოთ, როსტომ ჩხეიძემ არამხოლოდ თავისი, არამედ სხვა რამდენიმე ოპოზიციონერის ნაცვლადაც გაიარა რეგისტრაცია.