საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ქართულ-გერმანულ სამართლებრივ ფორუმს დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი პირველად იმართება და მისი მიზანია ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოება და სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერება.

გენერალური პროკურორის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა მთავარ როლს ასრულებს სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების ორგანოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში, რაც ნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ქვეყნის ცენტრალურ უწყებას სამართლებრივი ურთიერთდახმარების, ექსტრადიციისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნების საკითხებზე.

„ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის, გერმანიასთან თანამშრომლობის მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტებია ევროსაბჭოს კონვენციები, რომელთა საფუძველზეც, საქართველოს პროკურატურას შეუძლია, უცხო ქვეყნების კოლეგა უწყებებისთვის, ყველა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უზრუნველყოს და მომთხოვნ სახელმწიფოებში ძებნილი პირების ექსტრადიცია განახორციელოს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ფორუმის მონაწილეებს გენერალურმა პროკურორმა გერმანულ მხარესთან თანამშრომლობის სტატისტიკა გააცნო.

“2021 წელს, საქართველომ სამართლებრივი ურთიერთდახმარების 95 შუამდგომლობა შეასრულა, 2022 წელს - 92, ხოლო 2023 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს უკვე შესრულებული აქვს გერმანული უწყებების მიერ წარდგენილი სამართლებრივი ურთიერთდახმარების 31 შუამდგომლობა. რაც შეეხება ექსტრადიციას, 2021 წელს საქართველომ განახორციელა სამი ძებნილი პირის ექსტრადიცია გერმანიაში, 2022 წელს - ორის, ხოლო 2023 წელს - ერთი ძებნილი პირის”, - აღნიშნა შოთაძემ.

ფორუმზე გენერალურმა პროკურორმა, ასევე ევროჯასტთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

„ევროჯასტთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო, ეფექტური და წარმატებული გახდა. კერძოდ, ევროჯასტის ხელშეწყობით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურამ ევროკავშირის შესაბამის ქვეყნებთან შექმნა სამი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი, ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საკოორდინაციო შეხვედრაში ჰააგაში და ასევე, შესაბამის სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობა გააძლიერა“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, სხვა საქმეებთან ერთად, საქართველოს პროკურატურას აქვს გერმანელ კოლეგებთან ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები.

„კერძოდ, ევროჯასტის ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურამ და გერმანელმა კოლეგებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრაში, შექმნეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები და მოგვიანებით, ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები განხორციელდა. შედეგად, საქართველოში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ამოღებული და დაყადაღებული იქნა მილიონობით ევროს ღირებულების ქონება, დაკავებულნი იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომელთაც შემდგომში წარედგინათ ბრალი. გარდა ამისა, ორი პირი ექსტრადირებული იქნა გერმანიაში, მათგან ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელს წარმოადგენდა.

დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა მომავალშიც წარმატებული თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა, მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპელ კოლეგებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს და ასევე, მათ დაეხმაროს, რომ დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანჟელიკა შლუნკი ხელმძღვანელობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს ევროჯასტის ვიცე-პრეზიდენტი ბოშტიან შკრლეცი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს