მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სამეცნიერო-შემეცნებითი პროექტის - “ქართული საბავშვო მწერლობა დედაენიდან სალამურამდე” პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი იყო, ხოლო დონორი ორგანიზაცია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თანამონაწილე და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, კახაბერ კორძაიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სერია შეიქმნა, რომლის მიზანს ქართველი საბავშვო მწერლებისა და მათი ღვაწლის საზოგადოებისთვის ჩვენება წარმოადგენს.
“რუსთაველის ფონდს აქვს სპეციალური საგრანტო დანაყოფი - მეცნიერების პოპულარიზაცია, რის ფარგლებშიც ისინი ხშირად გრანტებს აცხადებენ. ჩვენ რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტთან და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციასთან ერთად განაცხადი შევიტანეთ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მესამედ მოვიგეთ, ეს საგრანტო განაცხადი. ამ პროექტის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სერია შეიქმნა, რომლის სახელწოდებაა “დედაენიდან სალამურამდე”. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, დღეს გრანტის დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც მაყურებელს ჩვენი ნამუშევარი ვუჩვენეთ”, - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩევლის, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჭალაგანიძის თქმით, პროექტის მიმდინარეობის პროცესში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები აქტიურად ჩართულები იყვნენ.
“ჩვენ პროექტზე ერთი წლის განმავალობაში ვმუშაობდით. პროექტი ქართულ საბავშვო მწერლობას ეხება. ზოგადად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიაცენტრი შეიქმნა, როგორც სტუდენტებისთვის პრაქტიკის ბაზა, თუმცა შემდეგ გაიზარდა ჩვენი ფუნქციები და მუშაობა დავიწყეთ სამეცნიერო და კვლევით პროექტებზე, შემეცნებითი გადაცემების და დოკუმენტური ფილმების მომზადება ჩვენთვის ყველაზე ძირეული საქმიანობა გახდა. ყველა ჩვენი პროექტის წარმართვაში ჩართულები არიან სამივე საფეხურის სტუდენტები: ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. ამ შემთხვევაშიც მათ გაიარეს პრაქტიკა, ჩვენთან ერთად გადაღებებს დაესწრნენ და იმუშავეს. პროექტი მოიცავს ფილმების ციკლს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ლიტერატორები, რომლებიც დაგვეხმარნენ იმაში, რომ მაყურებელმა შეძლოს ახალი თვალით შეაფასოს და დაინახოს ჩვენი საბავშვო მწერლობის საგანძური”, - განაცხადა ნინო ჭალაგანიძემ.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის, ირმა რატიანის განცხადებით, პროექტი განხორციელდა მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში და ეს არის რიგით მესამე პროექტი, რომელიც ინსტიტუტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეასრულა.
“დღეს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის სახელწოდებაა “დედაენიდან სალამურამდე”. ეს პროექტი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ, ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი განხორციელდა მეცნიერების პოპულარიზაციის გრანტის ფარგლებში და ეს არის რიგით მესამე პროექტი, რომელიც ინსტიტუტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე შეასრულა. ეს პროექტი არის ორიენტირებული ქართულ საბავშვო მწერლობაზე. კერძოდ, იმ მწერლებზე, რომლებმაც შექმნეს ფუნდამენტი ქართული საბავშვო მწერლობის. წამყვანი ქართველი ლიტერატურათმცოდნეები სხვადასხვა თაობის ჰყვებიან ამ მწერლების ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. პროექტი არის ბილინგვური, ქართულ-ინგლისურ ენაზე, რაც ცხადია მოემსახურება პროექტის ინტერნაციონალიზაციას და პოპულარიზაციას. პირველ რიგში, პროექტის სამიზნე ჯგუფი არის სკოლის მოსწავლეები, რომლებისთვისაც ამ ავტორების სწორად გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს პროექტი საინტერესოა პედაგოგებისთვის. ეს პროექტი მოიცავს 9 დოკუმენტურ ფილმს. ვგეგმავთ, რომ სკოლებში, როგორც დამატებითი მასალის სახით ეს დოკუმენტური ფილმები შევიდეს. აღნიშნული ფილმები ხელმისაწვდომი YouTube -ზე იქნება”, - განაცხადა ირმა რატიანმა.