სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის 61 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის მიცემის, აღების, უძრავი ქონების უკანონო დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 170 პირი მიეცა.
სუს-ის ანგარიშის თანახმად, მათი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სამოხელეო, კორუფციულ დანაშაულებში ჩართული საჯარო მოხელეების გამოვლენა წარმოადგენდა.
„2022 წელს, სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 61 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 170 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო, როგორიცაა, ქრთამის აღება (მათ შორის, დიდი ოდენობით, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა, დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობაში დახმარება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, უძრავი ქონების უკანონო დაუფლება და სხვა. აღნიშნულ საქმეებს შორის ხაზგასასმელია სამსახურის მიერ გამოვლენილი სახელმწიფო ქონების უკანონო დაუფლების ფაქტები.
საანგარიშო წლის განმავლობაში, სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ყადაღა დაედო 188 უძრავ და 20 მოძრავ ქონებას. შეფასებული ქონების სავარაუდო ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 4 008 820 ლარს.
ამავდროულად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2022 წელს, სისხლის სამართლის 7 საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა დანაშაულებრივი გზით მითვისებული 28 659 მ.კვ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება ექსპერტიზის დასკვნით, შეადგენდა 360 579 ლარს.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასამართლოში წარგზავნილი საქმეებიდან არც ერთ მათგანზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, რაც მიუთითებს სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში არსებულ გამოძიების მაღალ სტანდარტებზე“, - ნათქვამია სუს-ის 2022 წლის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის 61 საქმიდან გამოძიება დაიწყო მამხილებლის მიერ შემოტანილ 21 განცხადებაზე, რაც მოქალაქეთა აქტიურობის მაღალი მაჩვენებელია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის (cpi) თანახმად, 2022 წელს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე დაწინაურდა და გაუთანაბრდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, იტალია, ჩეხეთი და სლოვენია. აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა პოლონეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი და სხვა.
ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ინდექსით, საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს. მათ შორის, მოლდოვას, უკრაინას, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ალბანეთს“, - ნათქვამია სუს-ის 2022 წლის ანგარიშში.