ზურაბ ბატიაშვილი - ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად გააფრთხილებს დასავლეთი რუსულ მხარეს, რომ ზაპოროჟიეს სადგურის აფეთქება „წითელი ხაზია“ და მას მოჰყვება პუტინის პირადი დასჯა - საქართველოს სჭირდება, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტისთვის მოემზადოს

ბევრი რამ არის დამოკიდებული დასავლეთზე - რამდენად გააფრთხილებენ რუსულ მხარეს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქება „წითელი ხაზია“ და რომ ამას აუცილებლად მოჰყვება პუტინის პირადი დასჯა. საქართველოს სჭირდება, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი იყოს გათვლილი და მომზადებული დახვდეს, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხეზე საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საფრთხე რეალურია და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყო 5 დღეში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან. ბატიაშვილის აზით, რუსეთმა შეიძლება იფიქროს, რომ ახლა არის სწორედ დრო, როდესაც „საკუთარი ბრჭყალები უნდა გამოაჩინოს“.

„რეალურად, შესაძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კახოვკის ჰესის აფეთქებაზე რუსეთი არ დასჯილა და მათ შეიძლება შეექნათ შთაბეჭდილება, რომ ესეც დაუსჯელი დარჩება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინული სამხედრო ნაწილები წინ მიიწევენ და შეიძლება, ამასაც „მიუძღვნას“ ეს აფეთქება. რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს აფეთქება, მისი შედეგების ლიკვიდაციაზე, დაახლოებით 10 ათასი სამხედროს გამოყვანა მაინც დასჭირდება უკრაინას. ამასთან, რუსულ ნაწილებს შესაძლოა, ამ ობიექტის დატოვება მოუწიოთ იმიტომ, რომ შეიძლება ოპერატიულ ალყაში მოექცნენ, თუ უკრაინული ნაწილები გაარღვევენ სამხრეთის ფრონტს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 5 დღეში ვილნიუსში, ნატო-ს სამიტი იწყება და რუსეთმა შეიძლება იფიქროს, რომ ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც უნდა გამოაჩინოს საკუთარი ბრჭყალები. მას სხვა არაფერი დარჩენია - მას არ აქვს წარმატება უკრაინაში, მას არ აქვს რაიმე სხვა სახის იარაღი, რითაც უკრაინელთა დაჩაგვრას შეძლებდა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საფრთხე არსებობს, მაგრამ ბევრი რამ იქნება და არის დამოკიდებული დასავლეთზე - რამდენად გააფრთხილებენ რუსულ მხარეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს „წითელი ხაზია“ და რომ ამას აუცილებლად მოჰყვება პუტინის პირადი დასჯა. სხვა შემთხვევაში ამ ურდოს სხვანაირად არ ესმის, მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარის ესმის. ერთადერთი იმედი ესაა, რომ ამან შეაჩეროს რუსეთი საშინელი ტრაგედიის განხორციელებისგან“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება საფრთხეებს, რომლის წინაშეც, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, შესაძლოა, არაერთი ქვეყანა და მათ შორის საქართველო დადგეს, ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ წინასწარ უნდა იყოს მომზადებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს 2018 წლის შემდეგ არ განუახლებია.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ ასეთი რაღაც მოხდა, რა ზომის აფეთქება იქნება და რა შედეგები მოჰყვება ადგილზე, შემდეგ კი გაიფანტება იმ მიმართულებით, საითაც ქარი იქროლებს კონკრეტული მომენტისთვის. ეს შეიძლება იყოს დასავლეთი ანუ ევროპის მიმართულებით წავიდეს, ასევე შეიძლება იყოს აღმოსავლეთი და რუსეთისკენ წავიდეს, ან სულაც სამხრეთ-აღმოსავლეთი და ამ შემთხვევაში, შავი ზღვის გავლით საქართველოსკენ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სჭირდება, რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი იყოს გათვლილი და მომზადებული დახვდეს. სწორედ ამისთვის არსებობს უსაფრთხოების საბჭო და ამისთვის უნდა არსებობდეს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს არ განუახლებია 2018 წლის შემდეგ იმიტომ, რომ არ უნდათ, ჩაწერონ, რომ რეალური საფრთხე რუსეთია - ეს ახლანდელი ხელისუფლების პოზიციაა. ეს არ არის დოკუმენტი, ეს არის ჩამოწერილი საფრთხეები და გეგმა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ საფრთხეებს. ეს წინასწარ უნდა იყოს მომზადებული. ახლა გეგმა არ არის. თუ ატყდა პანიკა და დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოს მოაწყდა ხალხი, ხომ წარმოგიდგენიათ, გზებზე რა ამბავი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით რიკოთზე რა შეიძლება მოხდეს?! რიკოთზე, შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი მივიღოთ, თუ ასეთი პანიკა იქნება და ტალღა წამოვიდა. ბევრი კომპლექსური საკითხია, რომელიც შეიძლება დადგეს, თუ ასეთი აფეთქება მოხდება და გაჟონვა სერიოზული იქნება“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო