საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობებისა და ე.წ. ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება თბილისიდან მომდინარე შესაძლო ომის საფრთხით გაამართლოს, - ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.
სუს-ის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა. აღნიშნული განცხადებების პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმები გარკვეულ "ზომებსაც" მიმართავდნენ: ვრცელდებოდა ცნობები საოკუპაციო ხაზის „გამაგრების, ე.წ. ბომბსაფარის რეაბილიტაციის, „რეზერვისტთა მობილიზაციისა“ და სხვა უკანონო აქტივობების შესახებ.
აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში.
2022 წლის 19 იანვარს ხელი მოეწერა „შეთანხმებას“, რომელიც რუსეთისთვის ოკუპირებული ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის“ უსასყიდლოდ, ხოლო მიწის ნაკვეთებისა და მიმდებარე აკვატორიის „იჯარით“ გადაცემას ითვალისწინებს. ე.წ. შეთანხმების „რატიფიცირება“ ჯერჯერობით არ მომხდარა, ვინაიდან „დოკუმენტით“ გათვალისწინებულმა ზოგიერთმა საკითხმა ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია.
გარდა ამისა, 2022 წლის 27 ოქტომბერს ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული 20 ჰა მიწის ნაკვეთი კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, კომპანია „მოსკვა რეზორტს“ „მუდმივ სარგებლობაში“ გადაეცა.
საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობებისა და ე.წ. ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება თბილისიდან მომდინარე შესაძლო ომის საფრთხით გაამართლოს.
ვინაიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი რუსეთის პირდაპირი ტრანშით ივსება, მაღალი ალბათობით, ფინანსების მოსაზიდად საოკუპაციო რეჟიმს მნიშვნელოვანი, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოუწევს.
საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფსოუს მონაკვეთის „გამარტივებული რეჟიმით კვეთის“ საკითხი, მათ შორის, მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსების მხრიდან. დისკუსიის ფარგლებში ე.წ. გამშვები პუნქტის გაუქმების იდეამაც გაიჟღერა“, - ნათქვამია ანგარიშში.
სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.
დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.