საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის - მევენახეობა და ენოლოგია, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, მათ მიერვე დაწურული ღვინის, ლაბორატორიული კვლევა ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კვლევა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ჩაატარდა და მასში მონაწილეობა სტუდენტთა ჯგუფმა მიიღო.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელის ელენე სორდიას განცხადებით, სტუდენტებს მაღალი სტანდარტის თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, საშუალება აქვთ არა მხოლოდ პრაქტიკული სამუშაოები ჩაატარონ, არამედ, თავად მოიყვანონ მოსავალი, ჩაატარონ კვლევა და განსაზღვრონ რამდენად შეესაბამება მათ მიერ შესრულებული სამუშაო დადგენილ ნორმებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, სტუდენტს მაღალი სტანდარტის თეორიული და პრაქტიკული განათლების საშუალებას აძლევს და ამის ერთ-ერთი დასტური ჩვენი ლაბორატორიაა. აქ ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები, რომელშიც ჩართულნი არიან სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იკვლევენ წყალს, ნიადაგს, სურსათს. ცოტა ხნის წინ კი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა ჯგუფმა ღვინის ლაბორატორიული კვლევა დაასრულა. ამ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ სტუდენტებმა თავად დაწურეს ყურძენი და მიღებულ ღვინოს თავადვე ჩაუტარეს კვლევა. მათ განსაზღვრეს სპირტიანობა, მქროლავი ნაერთები, ტიტრული მჟავიანობა და დაადგინეს, ღვინო რამდენად შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ სტუდენტებმა საკმაოდ კარგი შედეგი დადეს, მათ მიერ დაწურული ღვინო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა დოქტორანტმა, ცოტა ხნის წინ, დაასრულა ყველის ნაწარმის კვლევა და განსაზღვრა როგორც ქიმიური პარამეტრები, ასევე აზოტის, ცილის, ცხიმის შემადგენლობა. ლაბორატორია საკმაოდ დიდ სფეროს მოიცავს, აქ ფერმერებისთვის დგინდება რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ ნარგავის განაშენიანება და შესაბამისად, მოსავლის მიღება, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე. ლაბორატორიას გამოკვლეული აქვს საქართველოს ნიადაგის 500-ზე მეტი ნიმუში, ჩვენ დავადგინეთ რამდენად უხვმოსავლიანი იქნება, მაგალითად, მოცვის პლანტაცია, ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებს აქვთ საშუალება ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ჩაატარონ კვლევები“, - აცხადებს ელენე სროდია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის „აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიამ“ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ დაწესებული ეროვნული სტანდარტის მოთხოვნები და მიენიჭა ISO სტანდარტი.
აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია აკრედიტებულია შემდეგ სფეროებში: წყალი (19 პარამეტრი), ხილი, ბოსტნეული და მისი გადამუშავების პროდუქტი (9 კომპონენტი), მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები (2 კომპონენტი), რძე და რძის პროდუქტები (2 კომპონენტი), ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები (6 კომპონენტი), ნიადაგები (16 კომპონენტი), ნიმუშის აღება ნიადაგები (6 კომპონენტი). აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ამ მხრივ უნიკალურია საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში.