ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე ბრალდებული 9 პირის საქმეზე სასამართლომ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:30 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, დაცვის მხარეს კი, გამამართლებელი განაჩენის.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე 2 ეპიზოდად მიმდინარეობს. აღნიშნულ ეპიზოდს 9 ბრალდებული ჰყავს, მათ შორის არის "გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე, ბრალდებულები არიან - დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი და გიორგი გობეჯიშვილები, ლაშა ჭიღიტაშვილი და ბექა მურღვლიანი.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.
დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).
ბრალდება წარდგენილი აქვს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.