ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რაზვან როტუნდეს შეხვდა.
შეხვედრაზე უფროსმა ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუროსთვის საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციები და სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
„მხარეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და სტრატეგიის შექმნა.
საუბრისას ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მიესალმება რუმინეთის მხარდაჭერასა და მასთან აქტიურ თანამშრომლობას.
ბიუროს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორი რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მათი პრაქტიკის გაზიარება უმნიშვნელოვანესია.
შეხვედრას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე და რუმინეთის საელჩოს კონსული მარიუს პანდელეა ესწრებოდნენ.