„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, თბილისში შარშანდელ წელთან შედარებით პირველ ექვს თვეში ADR-ი 10 %-ით არის შემცირებული, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტი კი, პირველ ექვს თვეში, 15%-ით შემცირდა.
მისივე თქმით, რუსეთიდან ძირითადად მიგრანტების მატებაა და არა ტურისტების, რის გამოც, სასტუმროების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირდება.
„თბილისის მასშტაბით კვლევა სასტუმროებზე ჩავატარეთ, შარშანდელ წელთან შედარებით პირველ ექვს თვეში ADR-ი (სასტუმროების საშუალო ფასი ოთახზე) 10 %-ით არის შემცირებული, ხოლო დატვირთულობის კოეფიციენტი პირველ ექვს თვეში 15%-ით შემცირდა.
რაც შეეხება, კომპანიების მოგებას შარშანდელ წელთან შედარებით არის 18%-ით შემცირებული, ხოლო 2016, 2017 და 2018 წელთან შედარებით 70%-ით უკან ვართ. ამ ეტაპისთვის, სასტუმროების მოგება 70%-ით არის შემცირებული. კვლევა ჩატარდა საქართველოს საშუალო სეგმენტზე, ეს არის 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 30 სასტუმრომ, ძირითადად, არაბრენდულმა სასტუმროებმა. ის ციფრები, რაც პირველ კვარტალში სტატისტიკის მიერ არის გამოქვეყნებული აბსოლუტურად ჩვენთვის აბსურდულია, ასე ვთქვათ არაამქვეყნიურია. პირველი სამი თვის ციფრები, რაც გამოცხადებული იყო, აბსოლუტურად ჩვენთვის არარეალური იყო. სასტუმროების სექტორში ეს თანხები არ აკუმულირებულა და ჩვენი აზრით, ის მატება, რაც არის რუსეთიდან, ეს არის ძირითადად მიგრანტების მატება და არა ტურისტების მატება“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
როგორც ალავერდაშვილმა აღნიშნა, გალფის ქვეყნებიდან ტურისტების ისეთი მაღალი ნაკადების შემოსვლა საქართველოში აღარ არის და არც მოთხოვნა, როგორც შარშან იყო.
„ზაფხული სეზონი გაიხსნა, აქაც მინდა ვთქვა, რომ მატება წინა წელთან შედარებით ნამდვილად არ იგრძნობა, ამ ფაქტს, ისიც დაემატა, რომ გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი თურქეთში გადავიდა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თურქეთს ვერანაირ კონკურენციას ვერ ვუწევთ და სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ტურისტი თურქეთში გადავიდა. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ რუსეთიდან ფრენები იხსნებოდა, მაგალითად, ბათუმში ფასები ამ განცხადების მერე 30-40%-ით, უცებ გაიზარდა. გალფის ქვეყნებიდან ისეთი მაღალი ნაკადების შემოსვლა აღარ არის და არც მოთხოვნა, როგორც შარშან იყო. რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, შარშან ამ ქვეყნის წარმომადგენლები აქტიურად ჯავშნიდნენ სასტუმროებს ბათუმში და წელს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდა და ნახეს, რომ აქ ძალიან ბევრი რუსია, არ ესიამოვნათ და საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ამასთან, ისრაელიდან მატება გვაქვს.
ამ ეტაპისთვის, ძირითადი შემომსვლელები ისევ და ისევ გალფის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ასევე, დაემატა უზბეკეთი, ყაზახეთი, ისრაელი და ტაილანდიც თანდათანობით უფრო აქტიურობს. ჩინეთიდანაც პატარა ჯგუფები გამოჩნდნენ. სტუმრების მიღება დუბაიდანაც ხდება“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის განმარტებით, ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რასაც ტურისტების რაოდენობა ვერ ეწევა.
„მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში სასტუმრო ოთახების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რასაც ტურისტების რაოდენობა ვერ ეწევა და ამ ტურისტების გადანაწილება ხდება უფრო მეტ სასტუმროებში. შესაბამისად, ამ გადანაწილების და კონკურენციის ხარჯზე ADR-ი შეიცვალა და ქვემოთ ჩამოვიდა. ევროპაში ADR -ი თითქმის 70-90% არის გაზრდილი, ჩვენთან, სამწუხაროდ, შემცირებულია. ქვეყანაში რამდენიმე სასტუმრო, ვგულისხმობ მაღალი დონის სასტუმროებს, პირიქით, ზრდა გვაქვს, ძირითადად ბრენდულ სასტუმროებში და სეგმენტაცია ძალიან დაიკლო. რამდენიმე სასტუმროს აქვს საკმაოდ დიდი ზრდა, ვიდრე შარშანდელ წელს იყოს, ეს არის მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.