ნინო თანდილაშვილი უნგრეთში გამართულ გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენციაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა უნგრეთში გამართულ გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის გარემოსა და ჯანდაცვის მიმართულებების უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ევროპის რეგიონში გარემოსა და ჯანმრთელობის პოლიტიკის სფეროში მიღწევები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევროკომისიის და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გარემოს დაბინძურების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ ისაუბრა.

„ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში, აქტიური ნაბიჯები გადავდგით. 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სისტემაზე სრულად გადასვლის პროცესშია. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 7 სტაციონარული და 2 მობილური სადგურით გაფართოვდა, რაც მიმდინარე წელს, დონორის მხარდაჭერით, გაორმაგდება. ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები და მონიტორინგის კრიტერიუმები ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირება საქართველოს პრიორიტეტია; ბოლო წლებში, საწვავის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბენზინისა და დიზელის ხარისხის ეროვნული სტანდარტები ევრო 5-ის სტანდარტებს შეესაბამება. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი და შესაბამისი სანქციები.

თანდილაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ევრო 5 სტანდარტის, კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გზებზე ხილული გამონაბოლქვის მქონე მანქანებზე კონტროლის საკითხებზე.

ხაზგასმით აღინიშნა სამრეწველო საწარმოების რეგულირების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებაც.

მისივე განცხადებით, სამრეწველო საწარმოებს ჰაერში გაფრქვევების ონლაინ, უწყვეტად მონიტორინგის ვალდებულება დაეკისრათ, გაიზარდა სანქციები ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის. ნინო თანდილაშვილმა ყურადღება გაამახვილა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიღებულ კანონზე და განაცხადა, რომ მიღებული კანონი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციას.

კონფერენციაზე, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა შტეფი ლემკემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ხელი მოაწერეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის ევროპის პროცესის ფარგლებში ინიცირებულ თანამშრომლობის დეკლარაციას ადამიანის ბიომონიტორინგის მიმართულებით.

გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა რიგით მე-7 კონფერენცია ბუდაპეშტში უნგრეთის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით