სოსო გიორგაძე სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის ფარგლებში, „საქპატენტის“ თავჯდომარე სოსო გიორგაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა შეხვედრა გამართეს სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) პრეზიდენტთან ჟომარი ფრედერიკსთან და აღმასრულებელ დირექტორთან ეტიენ სანს დე აჩედოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე.

სოსო გიორგაძემ INTA-ს აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ მომზადებული „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტს წარედგინება საშემოდგომო სესიაზე განსახილველად.

ცვლილებები მიზნად ისახავს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებებით მოხდება სასაქონლო ნიშნის დაცვის ფარგლების ზუსტად განსაზღვრისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დეტალური კლასიფიცირება, გაიზრდება „საქპატენტთან“ არსებული სააპელაციო პალატის უფლებამოსილება, შემცირდება სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის პროცესში ექსპერტიზის ჩატარების ვადები. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში სასერტიფიკაციო ნიშნების დაცვის შესაძლებლობას, რაც სრულიად ახალი სერვისია და მისი რეგისტრაცია მწარმოებლებს მისცემს საშუალებას თავიანთი პროდუქციის მაღალი სტანდარტი დაადასტურონ, რაც ხელს შეუწყობს სასაქონლო ნიშნების სისტემისა და შესაბამისად, ქვეყნის ეკომონიკის განვითარებას.

ორმხრივ შეხვედრაზე INTA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა „საქპატენტის“ ხელმძღვანელს დაუდასტურა INTA-ს მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარების მიზნით, INTA-ს ჩართულობით შესაძლებელი იქნება სასაქონლო ნიშნების მფლობელთა და სფეროს სპეციალისტების შეხვედრების ორგანიზება. ერთობლივი ღონისძიებების მოწყობა და სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას.

აღსანიშანვია, რომ საქართველო არის სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS) შეთანხმებისა და ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმის მონაწილე და საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაცია (INTA) სასაქონლო ნიშნების მფლობელთა გლობალური კავშირია, სადაც გაერთიანებულია 190 ქვეყნის 7 200 -ზე მეტი ორგანიზაცია და სასაქონლო ნიშნების სფეროში მომუშავე 31 000 პროფესიონალი.

INTA­ს საქმიანობა მიმართულია სასაქონლო ნიშნებისა და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მხარდაჭერისაკენ. INTA, ასევე, ახორციელებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ საქმიანობას, სასაქონლო ნიშნების სისტემის პოპულარიზაციას, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების მფლობელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას, უწევს მათ იურიდიულ დახმარებასა და ზრუნავს შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფაზე. INTA­ს ყოველწლიურ შეხვედრასა და გამოფენაზე რეგულარულად მონაწილეობენ მსოფლიოს ცნობილი ბრენდების მფლობელი კომპანიები, მოწინავე იურიდიული კომპანიები და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული უწყებები“, - აღნიშნულია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება