რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელი - კოვიდის პირობებში ძალიან სწრაფი ცვლილებები გვქონდა, დოკუმენტაციისთვის არ გვეცალა

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სამსახურებრივ სიყალბესა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში ბრალდებული, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის, ირაკლი გვაზავას განცხადებით, კოვიდიპანდემიის პერიოდში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი იყო, რომელთა დოკუმენტაცირებაც იმ დროისთვის ვერ მოხერხდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, პროკურატურის ექსპერტიზაში ის ხარჯები, რომლებიც გაუთვალისწინებელი და დამატებითი იყო, ჩათვლილი არ არის, მათში კი ბევრად იმაზე მეტია დახარჯული, ვიდრე 143 000 ლარი.

“რესპუბლიკური საავადმყოფო 2022 წლის ბოლოს 350 საწოლზე იყო გაშლილი. ყველაფერი მაშინ გაკეთდა, როცა ქვეყანა პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო. ჯამში 120 მლნ ლარი გვაქვს დახარჯული. 143 000 ლარი, ამის ნულზე ნაკლები პროცენტია. თუ თაღლითობასა და თანხის მითვისებაზეა საუბარი, საშუალება ამ მინიმალურ პროცენტზე ბევრად მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ჩემს ღირსებას თანხის მითვისების უფლება არ მოუცია.

პროკურორმა ისაუბრა იმაზე, რომ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 4 დღეში 6000-ზე მეტი კვადრატი უნდა გარემონტებულიყო და ეს არარეალურად ჟღერდა. საქმე ისაა, რომ ჩვენ ოთხ დღეში ამ გარემონტებულ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულებზე პირველი პაციენტი მივიღეთ, ამიტომ ეს ნიშნავს, რომ სართულები მზად იყო. იმის შესახებ, რომ საავადმყოფო გარემონტებული იყო, არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს.

ჩვენ კოვიდპანდემიის დროს საწოლფონდის გაზრდის მიზნით 3 მილიონი ლარი გვქონდა. პანდემიის გამო, ფორსმაჟორული სიტუაციები გვექმნებოდა და ხარჯების მიმართულებაც იცვლებოდა. ამ ოთხი სართულის ფულით საჟანგბადო გავარემონტე და გამოვასწორე პრობლემა, რომელიც კლინიკაში ჟანგბადთან დაკავშირებით იყო. ასევე, სასტერილიზაციო მექანიზმიც გამოვასწორე. კოვიდის პარალელურად სხვა პაციენტებიც უნდა მიგვეღო და ოთხი სართულის ფულით ახალი "ემერჯენსი" გავაკეთეთ.

თავდაპირველი დოკუმენტები შემდეგ დავაკორექტირეთ და შევიტანეთ რამდენიმე განსხვავებული ხარჯი, მაგრამ ყველა ხარჯზე ცვლილებებს არ ვაკეთებდით და რადგან კოვიდპირობებში ძალიან სწრაფი ცვლილებები გვქონდა, დოკუმენტაციისთვის არ გვეცალა. იმ ხარჯების, რამაც 143 000 ლარი და კიდევ მეტი მოიცვა, დოკუმენტაცია არ გვაქვს.

სამხარაულმა ჩვენს გარეშე ჩაატარა ექსპერტიზა. დამატებით რაც გაკეთდა, შესრულებულ სამუშაოებში არაფერია ჩათვლილი, მათში კი ბევრად იმაზე მეტია დახარჯული, ვიდრე 143 000 ლარია”, - განაცხადა ირაკლი გვაზავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელისა და ინდივიდუალური მეწარმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილის და გიორგი ყეინაშვილის მიმართ, რომელთაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბესა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას ედავებიან, აღკვეთის ღონოსძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა ბრალდებულების მომართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატომრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) მუხლებით წარედგინათ. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

ინდივიდუალურ მეწარმეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს