ახალციხის კლინიკა "იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში ამავე კლინიკის ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და კიდევ ორი პირი - თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე აიყვანეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.
ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.