საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „სეისმომედეგი მშენებლობის პრობლემები საქართველოში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს წარმომადგენლები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ კერძო და არასამთავრობო სექტორი: „საქგზამეცნიერება“, სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, „მშენებელთა ლიგა“, ,„კნაუფი გიპს თბილისი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამომძიებელი რეპორტიორი ჟურნალისტები.
კონფერენცია გახსნა ეროვნული ასოციაციის დირექტორმა, სეისმომედეგი მშენებლობის ევროპისა და საერთაშორისო ასოციაციების ეროვნულმა წევრმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა პაატა რეკვავამ, მან დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გურამ გაბრიჩიძის და მალხაზ ბედიაშვილის ხსოვნისთვის.
როგორც თავის გამოსვლაში, პაატა რეკვავამ განაცხადა, ეროვნული ასოციაცია 2004 წლიდან არის სეისმომედეგი მშენებლობის ევროპის ასოციაციის წევრი, ხოლო 2013 წლიდან სეისმომედეგი მშენებლობის ასოციაციის წევრი. 2016 წლიდან ასოციაცია არის საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წევრი.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციას ვატარებთ, სადაც წარმოდგენილია საინტერესო და მრავლისმომცველი თემები. წარმატებები მინდა ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს და იმედი მაქვს, რომ ასოციაცია წარმატებით გააგრძელებს წესდებით განსაზღვრული ამოცანების განხორციელებას, ქვეყნის სეისმური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა პაატა რეკვავამ.
სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრების მიერ, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: „სეისმომედეგი მშენებლობის ტექნიკური რეგულირება საქართველოში - წარსული, აწმყო და მომავალი“, „საქართველოში სეისმომედეგი მშენებლობის სფეროში ბოლო ათწლეულში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები", „თანამედროვე გამოწვევები სეისმომედეგობაში და მისი აქტუალური პრობლემები“, „სეისმური რისკის მართვა საქართველოში“, „შენობების მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის და სეისმომედეგობის შეფასებისას წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის გზები", „შენობა-ნაგებობების საანგარიშო მოდელის იდენტიფიკაცია და შემოწმება ნატურულ-ვიბრაციული ექსპერიმენტული კვლევებით“, „თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალების განახლებისა და განაშენიანების კონცეფცია და შენობა-ნაგებობათა სეისმოლოგია“, „ურბანული ტერიტორიების სეისმური რისკის რედაქტირების ქალაქ გეგმარებითი მეთოდების შესახებ“, „თურქეთში 2023 წლის თებერვალში მომხდარი მიწისძვრისა და აფთერშოკების შედეგების ანალიზი“.