ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებაზე" - თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით, დაგვანებონ „სუსტებს“ თავი - ეს ადასტურებს იმას, რომ ეშინიათ

თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით, დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა.

როგორც ხაბეიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, აღნიშნული ინციდენტები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მსოფლიოში აღარ დარჩა პარტნიორი, რომელიც მეგობრულად იქნება განწყობილი მათ მიმართ.

ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და კოლექტიური პუტინისტები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სხვანაირად რომ საუბრობდნენ, ეს გამიკვირდებოდა და ვიფიქრებდი, რომ პრობლემა გვაქვს. ისინი წლებია ასრულებენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმეა, როცა საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას“ მსოფლიოში აღარ დარჩა პარტნიორი. ვერ მეტყვით რომელიმე ქვეყანას, რომელიც მეგობრულად არის განწყობილი რუსული პარტიის მიმართ. მეტიც, სადაც იყვნენ გაერთიანებულები - “სოციალისტურ პარტიაში“, იქიდანაც გამოაბუნძულეს. ამიტომ ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში რუსული დიქტატურაა, რომელიც დამყარებულია რუსი ოლიგარქის პირობებში.

რუსულ პარტიასთან ბრძოლა რთულია, როცა მათთან საუბარს აზრი არ აქვს. გუშინ საგარეჯოში პენსიონერებს ვესაუბრებოდი, ისინი ქვებს ისროდნენ. მანამდე, კასპში ვესაუბრებოდი პენსიონერებს, კიდევ ქვებს ისროდნენ. უფრო ადრე, გარდაბანში მოსახლეობას ვხვდებოდი, ჩემი ავტომობილის საბურავების დაჭრით იყვნენ დაკავებულები.

თუ სუსტები ვართ და რადარებზე არ ვჩანვართ, რას მოგვდევენ ქვებით დაგვანებონ ამ „სუსტებს“ თავი და გვაცადონ მოსახლეობასთან შეხვედრა. ეს ადასტურებს იმას, რომ მათ ეშინიათ.

ჩვენ ხალხზე მაღალი წარმოდგენის ვარ და არ მგონია, რომ ქვის სროლა იყოს ნორმალური დამოკიდებულება ქართველებს შორის“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რას იგებს ამით „ქართული ოცნება“ , ხაბეიშვილი პასუხობს, რომ ამით უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, „თითქოს ხალხი უპირისპირდება“.

„რუსები ესენი არიან, რუსულ კანონებს ესენი იღებენ, ხალხს ძარცვავენ და თურმე ხაბეიშვილს მისდევს ხალხი“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა დეპოლარიზაციის კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზეც, მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში სამართლიანად ზის და მის პატიმრობას მიესალმება.

„როცა დეპოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ არ დაგვავიწყდეს, რომ მილიონ ხმას რომ იღებს იმ პარტიის (2018 წელს მილიონი ხმა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, უკანასკნელ არჩევნებში ფაქტობრივად, 500-600-700 ათასს ხმას იღებს "ნაციონალური მოძრაობა“ გაყალბების პირობებშიც) ლიდერი, რომელიც ამ ხმების უზრუნველყოფას აკეთებს და დიდი მხარდაჭერა აქვს, ჰყავთ ციხეში გამოკეტილი. თან იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც არიან სანქცირებულები. თან ისეთი ბრალდებით, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანა, ჰილარი კლინტონისთვის "რედბულის" ყიდვა და ა.შ. უკაცრავად, მაგრამ რომელ დეპოლარიზაციაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ასეთი ადამიანი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი? ასევე, როცა მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობთ არ დაგვავიწყდეს, მსოფლიოში თქვენ ვერ მეტყვით მეორე ქვეყანას, რომელიც ამბობს, რომ „კი, მიხეილ სააკაშვილი ზის სამართლიანად და მიესალმება მის პატიმრობას“. ასეთი ქვეყანა ვერ იპოვა „რუსულმა ოცნებამ“ მთელს მსოფლიოში. მითხარით ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც იტყვის, რომ მიშა სააკაშვილის პატიმრობა არის ნორმალური. უფრო მეტსაც გეტყვით, ლუკაშენკოც კი, ბელარუსის პრეზიდენტიც კი არ იტყვის, რომ მიშა სამართლიანად ზის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო