ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ m&i-ის გლობალური  ფორუმის მონაწილეებისთვის ინფოტური მოაწყო

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის აღმოაჩინე საქართველო m&i-ისთან ერთად მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია.

მათივე ცნობით, ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ინფორმაციის თანახმად, საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში, საქართველოში მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“,- აცხადებს ფორუმის მონაწილე, დანიელ ვერსაჩე.

მათივე განმარტებით, ფორუმის მიზანია, საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების და კონგრესების ჩატარება.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა“,- განაცხადა ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანომ.

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება