საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, აგრარული ტექნოლოგიების პროგრამის პირველი კურსის დოქტორანტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნიადაგებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, დოქტორანტი ბექა შავაძე, პროფესორ ნინო ზაქარიაშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს თემაზე - „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დამლაშებით დეგრადირებული ნიადაგების ბიორემედიაცია ჰალოფილური მიკროორგანიზმების კონსორციუმის გამოყენებით“.
დოქტორანტმა, სადოქტორო თემის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი დამლაშებული ნიადაგიდან აღებულ ნიმუშებზე, ლაბორატორიულ პირობებში, მიკროორგანიზმების გამოყოფაზე იმუშავა.
„მლაშე ნიადაგი ექსტრემალური საარსებო გარემოა, სადაც არსებობა ისეთ მიკროორგანიზმებს შეუძლიათ, რომელთაც შესაბამისი მეტაბოლური საშუალებები და ადაპტაციები აქვთ ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, ამ ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმები პოტენციურად მნიშვნელოვან ბიორესურსს წარმოადგენენ. აღნიშნული ნიმუშებიდან, ჩვენს მიერ ჩატარებული რამდენიმე საფეხურიანი მიკრობიოლოგიური სამუშაოების შედეგად, 70 მიკროსკოპული სოკოს და 52 ბაქტერიის შტამი აღმოვაჩინეთ. შემდეგ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დაგვედგინა თუ რომელ შტამებს გააჩნდათ განსაკუთრებით მაღალი მარილგამძლეობა. ამის დასადგენად, ხელოვნურად დამლაშებული საკვები არეები მოვამზადეთ და მათზე გავზარდეთ მიკროორგანიზმები. გარდა მარილგამძლეობისა, ჩვენ გვაინტერესებდა სხვა პარამეტრებიც. მაგალითად, ამილაზური და ცელულაზური აქტივობა, რის დასადგენაც შესაბამისი ტესტირების მეთოდები გამოვიყენეთ. ჩვენ შემდეგ ინტერესს წარმოადგენდა დაგვედგინა, ხომ არ ქონდათ ამ შტამებს ერთმანეთთან ანტაგონისტური ურთიერთობა, რის დასადგენადაც შესაბამისი მიკრობიოლოგიური მეთოდები გამოვიყენეთ. ამ მრავალსაფეხურიანი სკრინინგების სერიის შედეგად ჩვენ შევარჩიეთ მაღალი აქტივობის მქონე შტამები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი ნიადაგში არსებული მარილების ათვისებისა. ჩვენი შემდეგი მიზანი იყო შერჩეული მიკროორგანიზმების გამრავლება და მათგან კომპოსტის დამზადება. ტექნოლოგიის რენტაბელობის მიზნით, საკომპოსტე სუბსტრატად გამოვიყენეთ ისეთი ნედლეული, როგორიცაა სხვადასხვა სახის სოფლის მეურნეობის ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენები. მათ შორის თივა, ქატო და სხვა“, - აცხადებს დოქტორანტი.
სტუ-ის ინფორმაციით, კვლევის პერიოდში დოქტორანტი კომპოსტს ამზადებს ტექნოლოგიით, რა დროსაც ქატოს ამატებს შერჩეული მიკროორგანიზმების ბიომასას, ატენიანებს და მომწიფების მიზნით სინჯარაში ათავსებს.
ბექა შავაძის თქმით, სამი კვირის შემდეგ გაიზომა ნიადაგის მარილიანობა და აღმოჩნდა, რომ მარილების შემცველობა საწყის მდგომარეობასტან შედარებით დაკლებული იყო.
„სულ დავამზადეთ სამი სახის კომპოსტი: მიკროსკოპული სოკოების, ბაქტერიების და სოკო-ბაქტერიების ნარევი. ეს ბიოპრეპარატები (კომპოსტები) შევიტანეთ დამლაშებულ ნიადაგებში. სამი კვირის შემდეგ გავზომეთ ნიადაგის მარილიანობა და ვნახეთ, რომ მარილების შემცველობა საწყის მდგომარეობასტან შედარებით დაკლებული იყო. ეს კლება იყო 41%-ის ფარგლებში, თუმცა ერთ ნიმუშში მარილების კლება 96%-ითაც კი დაფიქსირდა. კომპოსტირების ეფექტურობის შემოწმების მიზნით რემედირებულ (მარილებისგან გასუფთავებულ) ნიადაგებზე დავთესეთ ხორბალი. დაკვირვებას ვახდენდით ხორბლის აღმონაცენის რაოდენობაზე და ზრდის დინამიკაზე. მიღებულმა შედეგებმა ცალსახად დაადასტურა ნიადაგში მარილიანობის კლება“, - განაცხადა მან.
როგორც სტუ-ის პროფესორი ნინო ზაქარიაშვილი აცხადებს, ბექა შავაძის სადოქტორო ნამუშევარი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში თანემედროვე ბიოტექნოლოგიური მიდგომების გამოყენების თვალსაზრისით.
„ნიადაგის დამლაშება მსოფლიო მასშტაბის ეკოლოგიური პრობლემა, რაც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას. დეგრადირების შედეგად მსოფლიო მიწის ფონდს ოდესღაც პროდუქტიული ნიადაგების 20% მოაკლდა, ამასთან ეს რიცხვი მუდმივად მზარდი, პროგნოზები კი მეტად შემაშფოთებელია. ნუ დაგვავიწყდება რომ მოსახლეობის ზრდის და რესურსების ამოწურვის ფონზე მსოფლიო სასურსათო კრიზისი შეინიშნება. ნიადაგი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი საშუალებაა. დღეს მსოფლიოში აუთვისებელი ფართობები აღარ გვაქვს, აქედან გამომდინარე, სასურსათო პრობლემის გადაჭრაში დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება“, - აცხადებს ნინო ზაქარიაშვილი.