„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა შველიძე და მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ადვოკატის თქმით, დაზარალებულები ისურვებდნენ, რომ ლევან იოსელიანი პირადად მათ შეხვედროდათ.
„სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა რომ დაიწყო, ეს უკვე ძალიან კარგია. ჩვენ შევხდით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს, კერძოდ, ლევან იოსელიანის მოადგილეს. ჩვენ ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ და მოადგილეს ვუთხარით, რომ ჩვენ შეხვედრა ლევან იოსელიანთან გვსურდა. აუცილებელია, რომ სახალხო დამცველი პირადად იყოს აღნიშნულ ფაქტზე და მოკვლევაზე ჩართული, რადგან სახალხო დამცველის უშუალო ჩართულობა ძალიან კარგი იქნება იმ მოძალადეებისთვის გასაგებად, რომ სტუდენტებზე ძალადობა დაუსჯელად არ ჩაივლის. ეს მოძალადეები „ქართული ოცნების“ ზონდერები არიან“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.
როგორც ლუკა შველიძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს თსუ-დან და შსს-დან ფაქტზე საქმის მასალები გამოთხოვილი აქვთ.
„მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტიდან ინფორმაცია გამოთხოვილი აქვთ და შინაგან საქმე სამინისტროდანაც ელოდებიან ინფორმაციას, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, რათა ბოლომდე შეკრან თემა და შემდგომში ამ ყველაფერზე რეაქცია მოხდეს და საკუთარი აზრი დააფიქსირონ“, - განაცხადა ლუკა შველიძემ.
ცნობისთვის, 17 ივნისს, თსუ-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, სადაც ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ, ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე აღნიშნავდა, რომ მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა. ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი მას პოლიციის თანამშრომლად გაეცნო. როგორც ის განმარტავდა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას დაკავებითაც დაემუქრა.