„ვაკის პარკის“ ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - მადლობა ღმერთს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები და ადამიანის უფლებათა სასამართლო არსებობს

“ვაკის პარკის” მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა მურღვლიანის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებული 9 ადამიანიდან რვა პირისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, საქმის „ლოგიკური დასასრულია“, რადგან სასამართლო ბრალდებულების უფლებებს მთელი პროცესის განმავლობაში არღვევდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები და ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯამურად შეაფასებენ.

“მოსამართლე პროცესის დაწყების დღიდან ბრალდებულების უფლებებს არღვევდა. ასეთი იყო მაგალითად, დაცვის უფლება, შეჯიბრებითობის პრინციპი. მოსამართლე განსაკუთრებული ცინიკურობით გამოირჩეოდა და ბუნებრივია, ის არ და ვერ მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას.

ეს არის ლოგიკური დასასრული და ლოგიკური გადაწყვეტილება მათი პერსპექტივიდან, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა და სასამართლო ბრალდებულების უფლებებს არღვევდა. მადლობა ღმერთს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები და ადამიანის უფლებათა სასამართლო არსებობს. ისინი ჯამურად შეაფასებენ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

ბრალდება წარედგინა „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა