„ვაკის პარკის” მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, დევი კახოიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, სასამართლომ, ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, ატარა ტვირთი, თითქოს დანაშაული აუცილებლად „გრინ სერვისის” თანამშრომლებმა ჩაიდინეს და ობიექტური გამოძიებისთვის კითხვა აღარ დაუსვამთ.
როგორც რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ობიექტური გამოძიება დაადგენდა, რომ როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე დანარჩენი ბრალდებულები უდანაშაულოები იყვნენ.
„დღეს მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც დაუსაბუთებელია და არანაირი ხელშესახები მტკიცებულების ხარჯზე არ არის მიღებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებოდნენ, თითქოს მან ექსპერტები წააქეზა, რომ ყალბი დოკუმენტები დაემზადებინათ. ეს არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება, გამყარებული არ არის და არც მოწმე არსებობდა, რომელიც ამას დაადასტურებდა. გადაწყვეტილება წარმოუდგენელია. ძალიან საინტერესოა, მოსამართლე ამის გამყარებას რით აპირებს. კითხვაზე, თუ რა მოხდა რეალურად, პასუხი არავის მიგვიღია. ჩვენი შეხედულებით, სასამართლომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო, რათა საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ საქმეში ჩართული ადამიანები დაეკავებინათ. ამ სიჩქარის გამო, სასამართლოს მოუწია ეტარებინა ტვირთი, თითქოს დანაშაული აუცილებლად ამ ადამიანებმა ჩაიდინეს და ობიექტური გამოძიებისთვის კითხვა აღარ დაუსვამთ. რა თქმა უნდა, ობიექტური გამოძიება დაადგენდა, რომ როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე დანარჩენებიც, უდანაშაულოები იყვნენ”, - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარედგინა „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.