სოსო გიორგაძე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების წარმომადგენლებს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან ჟენევაში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი.

„ შეხვედრა შეეხებოდა ევროპელი კოლეგების ინიციატივას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ახალი ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე. EUIPO-ს გადაწყვეტილება რეგიონული მასშტაბით ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ მიღებულ იქნა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი პროექტის (EUGIPP) წარმატებით დასრულების შემდეგ. პროექტი, რომლის დაწყება 2024 წელს იგეგმება, მიზნად ისახავს სამი ქვეყნის ხელშეწყობას ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების საქმეში, კერძოდ კი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, დაცვის, მართვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების ფუნდამენტურ ინსტრუმენტად გამოყენება მნიშვნელოვანია ინოვაციისა, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას, ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების პოტენციალის გაძლიერებას, ინვესტიციებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას. აღნიშნული მიღწევები შემდგომში განაპირობებს რეგიონულ დონეზე სისტემის ჰარმონიზებას, ასევე ევროკავშირის წესებთან, სტანდარტებთან, პრაქტიკასთან თანხვედრასა და დაცვის გლობალურ სისტემაში მონაწილეობას.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროექტის განხორციელების გზებსა და საშუალებებზე, განიხილეს ასევე სამოქმედო გეგმა და შეთანხმდნენ მოსამზადებელი პერიოდის განსაზღვრასა და პროექტის წინა სამუშაოების ერთობლივად ჩატარებაზე.

ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO) ახორციელებს ევროკავშირის სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების რეგისტრაციას ერთი განაცხადის მეშვეობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს და საერთაშორისო პარტნიორებს უზიარებს გამოცდილებას და ეხმარება პრაქტიკის ჰარმონიზებაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს