საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზის ელექტროსადგური, რომელიც უნივერსიტეტის მე-8 სასწავლო კორპუსის სახურავზე, სამ სხვადასხვა დონეზეა განთავსებული, ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე, მწვანე ენერგიას ეფექტიანად გამოიმუშავებს, უნივერსიტეტს მნიშვნელოვან დანაზოგს აძლევს და ამასთან ერთად, გარემოში ნახშირორჟანგის გაფრქვევას ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუ-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 200 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, რომელიც ერთ-ერთი პირველია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი, კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორია (Fusionsolar Lab) საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ, ასევე, კომპანიების - „თბილისი ჰუაუეი თექნოლოჯის კო“ და „ფოტომეიტი“ - წარმომადგენლებმა მოინახულეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა ნიკოლოზ ნებიერიძემ, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩსა და კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკის ფაკულტეტზე უმასპინძლეს და მე-8 სასწავლო კორპუსის სახურავზე განთავსებული მზის ელექტროსადგური დაათვალიერებინეს, მისი ტექნიკური პარამეტრებისა და წარმადობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და მუშაობის ეფექტიანობა მათთან ერთად შეაფასეს.
სტუ-ის კანცლერის, კარლო კოპალიანის განცხადებით, მზის ელექტროსადგური, რომლის მშენებლობა ლიეტუვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა, ერთ-ერთი წარმატებული საუნივერსიტეტო პროექტია.
„მზის ელექტროსადგური, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან შევიდა და დღემდე 110 მვტ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ზაფხულის სეზონზე, საუნივერსიტეტო მზის ელექტროსადგურის მიერ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია არა მხოლოდ ენერგეტიკის ფაკულტეტისა და მე-8 სასწავლო კორპუსის საჭიროებებს ხმარდება, არამედ ქსელებში გადადინების შედეგად, ნაწილობრივ დააკმაყოფილებს უნივერსიტეტის სხვა სასწავლო კორპუსების მოხმარებასაც. წინასწარი გაანგარიშებით, მზის ელექტროსადგურის მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ყოველწლიურად, 60 000 ლარზე მეტ დანაზოგს მისცემს, ხოლო გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, CO2-ის ემისიას, დაახლოებით, 100 ტონით შეამცირებს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
როგორც სტუ-ის ვიცე-კანცლერმა ნიკოლოზ ნებიერიძემ აღნიშნა, 200 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ბიუჯეტური პროექტია. ვიცე-კანცლერის თქმით: „მზის ელექტროსადგურმა, რომელიც საუნივერსიტეტო ენერგოქსელში ნეტოაღრიცხვის კვანძით არის ინტეგრირებული, ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 თვის მანძილზე, დაახლოებით, 30 000 ლარის მწვანე ენერგია გამოიმუშავა. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტების აქტიურად დანერგვით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შესაძლებლობა მიეცემა, ელექტროენერგიის მოხმარებაზე დაზოგილი თანხა საგანმანათლებლო პროცესისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართოს“.
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა და კომპანიების წარმომადგენლები, მზის ელექტროსადგურის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი, კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, ლენა შატაკიშვილის განცხადებით, ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედ უახლესი ტიპის Fusionsolar ლაბორატორიაში მომავალ ენერგეტიკოსებს თეორიული ცოდნის მიღებისა და მოწინავე პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების შესაძლებლობა აქვთ. როგორც დეკანმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო ლაბორატორია, 2022 წლის დეკემბერში, „თბილისი ჰუაუეი თექნოლოჯის კო“-სა და „ფოტომეიტის“ ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გაიხსნა.
„Fusionsolar ლაბორატორიის სახით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე ბაზა მომავალი ენერგეტიკოსების მოსამზადებლად და არსებული კადრების ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად გადასამზადებლად. ჩვენი სტუდენტები, მათ შორის პროფესიული პროგრამებიდან, იღებენ ამომწურავ ინფორმაციას განახლებადი ენერგიის, მასთან დაკავშირებული საერთაშორისო ბაზრებისა და ენერგოეფექტურობის სისტემის მდგრადი მუშაობის შესახებ, შეისწავლიან ახალ ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის სფეროს. ლაბორატორიაში ახალგაზრდებისთვის ტარდება ლექციები, სემინარები, ტრენინგები და სხვა შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორიის ფუნქციონირება ქმედითი მხარდაჭერაა მოტივირებული სტუდენტებისთვის, მიიღონ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და სამომავლოდ, გარანტირებულად შეძლონ დასაქმება, როგორც საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდა თაობა განახლებადი ენერგეტიკითა და ალტერნატიული ტექნოლოგიებით დავაინტერესოთ“, - აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის ფაკულტეტზე აღნიშნული პროექტების განხორციელებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, არა მხოლოდ ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადებას, არამედ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას უწყობს ხელს.