გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი იენს ბრანდენბურგი საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, გიორგი ამილახვართან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ქალბატონ მზია გიორგობიანთან, ასევე გერმანული ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი გერმანული ფირმების წარმომადგენლებთან.

„გარდა ამისა, იენს ბრანდენბურგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორსა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება.

„საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება, კოალიციის ხელშეკრულებითაა შეთანხმებული. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. რუსეთის თავდასხმის გეოპოლიტიკური გავლენა აქაც საკმაოდ ნათელია, ამიტომ ჩვენ ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება გვსურს. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოს, მისი სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში, მხარს უჭერს.

საქართველოსთან შეთანხმებების გაფორმებას ვგეგმავთ, ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ამასთან მთავარ საკითხებად იმ გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას განვიხილავთ, რომლებიც ისეთ გლობალურ გამოწვევებს ეხება, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და წყლისა და ენერგიის მდგრადი მომარაგების საკითხები. გარდა ამისა, გვინდა, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული საკვლევი პროგრამები ქართული დაწესებულებებისათვის,“- განაცხადა იენს ბრანდენბურგმა, საქართველოში ვიზიტის წინ.

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი 11-14 ივლისს შედგება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის