პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წყნეთში ბავშვის გარდაცვალების ფაქტი, სავარაუდოდ, კუსტარულად გაყვანილ ელექტროენერგიას უკავშირდება და მომხდარის მერიაზე გადაბრალება ადამიანების ემოციებზე მანიპულაციაა.
მისივე თქმით, შემთხვევის ზუსტ მიზეზებს შესაბამისი უწყებები დაადგენენ.
„პირველადი ინფორმაციით, ფაქტი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის თვითნებურად, კუსტარულად გაყვანას უკავშირდება. თუმცა რა მოხდა, ეს თქვენი [ჟურნალისტის] ან რომელიმე პოლიტიკოსის დასადგენი არაა, შესაბამისი ინსტიტუტები არსებობენ რომლებიც ამ ყველაფერში გაერკვევიან. მერიაზე გადატანა, წინასწარი დასკვნების გამოტანა და პროპაგანდა, რომ მერიას დააბრალოთ, ეს არის ზემოქმედება, მანიპულაცია ადამიანების ემოციებზე”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა. მედიის ცნობით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ადგილობრივები ცდილობდნენ, მოზარდს სასწრაფოს მოსვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.