ადვოკატ ლიკა ბითაძის განცხადებით, მასში ეჭვებს იწვევს ექსპერტიზის კვლევა, რომლის თანახმად, ნავთობპროდუქტის კვალი აღმოჩნდა ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მხოლოდ ქურთუკზე და არა, მაგალითად ფეხსაცმელზე.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც 7-8 მარტის აქციების საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ქიმიკოსი ექსპერტი ალექსანდრე დადიანიძე და რომელმაც თქვა, რომ კვლევის შედეგად ნავთობპროდუქტის კვალი მხოლოდ ქურთუკზე აღმოჩნდა.
ადვოკატი კი, განმარტავს, რომ ეს მასში ეჭვს იწვევს, რადგანაც [გამოყენების შემთხვევაში] ნავთობპროდუქტის კვალი, პირველ რიგში, ფეხსაცმელზე იქნებოდა, თუმცა დასკვნაში წერია, რომ ნავთობპროდუქტის მცირე ლაქა არის ტანსაცმელზე.
„დაცვის მხარისთვის ყველაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი ქიმიკოსი ექსპერტისგან იყო შემდეგი - როდესაც ჩვენ ვკითხეთ, მაინც და მაინც, პირდაპირი კონტაქტით რჩება კვალი, თუ ზოგადად ისედაც შეიძლება დარჩეს, მაგალითად დაბინძურებული გარემოდან, მან პასუხი გასცა, რომ, კი, დაბინძურებული ტერიტორიიდანაც, რაც იყო სრულიად საკმარისი პასუხი დაცვის მხარისთვის. ანუ ეს რას ნიშნავს? რეალურად, ლაზარე გრიგოროადისის გარდა იქ იმყოფებოდა ასობით ადამიანი და ლოგიკურად გამოდის, რომ ე.ი. ამ შემთხვევაში, ყველას ქურთუკზე დარჩებოდა ნავთობპროდუქტის კვალი იმიტომ, რომ რეალურად დაბინძურებული ტერიტორია იყო”, - განაცხადა ლიკა ბითაძემ.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.