საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან 12 ივლისს, აქცია - „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ორგანიზატორები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებენ.
აქცია სამინისტროსთან 19:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქციის ორგანიზატორები კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას და კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას ითხოვენ.
„ცენზურის საფრთხე დღითიდღე უფრო და უფრო ღიად ემუქრება ხელოვნებას. სამთავრობო პოლიტიკა ცდილობს, ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს - შემოქმედებითი პროცესი მოაქციოს ცენზურის ქვეშ, წაგვართვას წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. დღეს, ხელოვნების არცერთი სფერო აღარაა თავისუფალი ამ ზეწოლისგან. ამიტომ, ჩვენი ერთიანობით უნდა დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება - ცენზურის დარტყმის შემდეგი ობიექტი ნებისმიერი ჩვენგანის საყვარელი ფილმი, წიგნი, ნახატი, სასწავლებელი ან ლექტორი, მუსიკა ან მუსიკოსი, თეატრი ან მსახიობი, რომ არ აღმოჩნდეს.
თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ვაყენებთ ორ მოთხოვნას: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი.
12 ივლისს სრულდება კინოცენტრში მიმდინარე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული რეორგანიზაცია და ცენზურის წინააღდეგ ჩვენი ბრძოლაც ახალ ეტაპზე გადადის! გელოდებით 19:00-ზე, კულტურის სამინისტროსთან! არა ცენზურას! დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.