ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, გამოვიძიებთ - კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება რაიმე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ იმიტომ, რომ ინტერესი ძალიან დიდია," - განაცხადა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.
მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.